ახალ საპროგრამო დოკუმენტს - „ხელშეკრულება საქართველოსთან“, რომელშიც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მომდევნო
4 წლის განმავლობაში განსახორციელებელი გეგმები და მთავარი მიმართულებები ჩამოაყალიბა, მმართველი პარტია საქართველოს მოქალაქეებს უახლოეს ხანებში წარუდგენს.
დოკუმენტი ოთხ მთავარ საკითხს მოიცავს, ესენია - უმუშევრობა, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და ყველა ოჯახისთვის 1000-ლარიანი ვაუჩერის დარიგება.
დოკუმენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პირობას დებს, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ქვეყანაში უმუშევრობის განახევრებას შეძლებს. იქვე აღნიშნულია, რომ ამ მიზნის მისაღწევად აქტიურად იმუშავებს დასაქმების სამინისტრო, დარეგისტრირდება თითოეული უმუშევარი და სამუშაოს ყველა მაძიებელს სახელმწიფოს დაფინანსებით გადამზადების და ახალი კვალიფიკაციის მიღების საშუალება ექნება.
დოკუმენტში ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევაზეცაა საუბარი. მასში აღნიშნულია, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, შესაბამისი კატეგორიის დაზღვევას მიიღებს სოციალურად დაუცველი ყველა მოქალაქე, 6 წლამდე ასაკის ბავშვი, პენსიონერი, პედაგოგი, დევნილი, პოლიციელი და ჯარისკაცი, ხოლო ყველა სხვა კატეგორიის მოქალაქეთათვის დაზღვევის საბაზისო პაკეტი შემუშავდება და ჯანდაცვა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება.
დოკუმენტში „ნაციონალური მოძრაობა“ ასევე სოფლის მეურნეობს სფეროს განვითარების პირობას დებს. მასში აღნიშნულია, რომ ოთხი წლის განმავლობაში ყველა სოფელში ბოლომდე მოგვარდება წყლის, გაზის და გზების პრობლემა; გაიხსნება სოფლის მეურნეობის 500-ზე მეტი ახალი საწარმო; მოირწყვება დამატებით 90 000 ჰექტარი მიწა; სოფელი მიიღებს 2 000 ახალ ტრაქტორს, იგეგმება სოფლის მეურნეობის სრული მექანიზაცია, ხოლო სასოფლო-სამეურნეო მიწის 90% დამუშავდება.
„ხელშეკრულება საქართველოსთან“ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ყველა ოჯახისთვის 1000-ლარიანი ვაუჩერის დარიგებასაც გულისხმობს. მასში აღნიშნულია, რომ ოჯახი თავად გადაწყვეტს, ამ ვაუჩერით რა პრობლემა მოაგვაროს - კომუნალური ხარჯები დაფაროს, მედიკამენტები და სასკოლო სახელმძღვანელოები შეიძენოს თუ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა დაიქირაოს და საწვავისა და სასუქის ხარჯი გაისტუმროს.
დოკუმენტი „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გუშინ გამოაქვეყნა. აღნიშნულ „ხელშეკრულებას“ მმართველი პარტია საქართველოს მოქალაქეებს უახლოეს ხანებში უშუალოდ წარუდგენს.
