საქართველოს პარლამენტის აპარატმა სახელმწიფო საგანმანათლებლო პროფესიულ სასწავლებლებთან
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. აღნიშნული სასწავლებლები სხვადასხვა სამინისტროსა და სახელმწიფო სამსახურის სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენენ. მემორანდუმი საქართველოს პარლამენტის აპარატში მოქმედ სასწავლო ცენტრსა და აღნიშნულ დაწესებულებებს შორის საგანმანათლებლო მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ პარლამენტის წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს შორის გამოკითხვა ჩატარდა, თუ რა საჭიროებები აქვთ მათ სხვადასხვა სფეროში დამატებითი ცოდნისა და ინფორმირებულობის თვალსაზრისით. კვლევის შედეგად გამოიკვეთა კონკრეტული საკითხები, რომლის მიხედვითაც დაკომპლექტდა ჯგუფები და ივნისიდან კონკრეტული პროგრამების განხორციელება დაიწყო.
„ერთ-ერთი პირველი, ვისთანაც ჩვენ ამ პროგრამის დანერგვა და განხორციელება დავიწყეთ, ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პირველი ტრენინგი, რომელიც აკადემიის ბაზაზე მისმა ინსტრუქტორებმა ჩაატარეს, იმ გამოწვევებს და იმ მიზნების რეალიზაციას ემსახურება, რომელიც პარლამენტის წინაშე დგას და რომელიც პარლამენტმა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად დაისახა. ეს არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის პარლამენტის ხელმისაწვდომობის გაზრდის საკითხი. პარლამენტის ბიუჯეტიდან გამოიყო შესაბამისი თანხა და ამჟამად გამოცხადებულია ტენდერი თბილისის სასახლის რეაბილიტაციაზე. შენობა შშმ პირების საჭიროებებზე სრულად იქნება ადაპტირებული. პარალელურად, მნიშვნელოვანია, რომ იმ პერსონალმა, რომელიც პარლამენტში უშუალოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელშეწყობასთან იქნება დაკავშირებული, შესაბამისი ცოდნა მიიღოს, კვალიფიკაცია აიმაღლოს და შესაბამისი უნარებ-ჩვევები განივითაროს“, - აღნიშნა პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ.
მისივე განცხადებით, პარლამენტის მანდატურის სამსახურის ყველა თანამშრომელს სწორედ ამ კუთხით ჩაუტარდა ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავდა შშმ პირთა ხელშეწყობის სპეციფიურობის გათვალისწინებას და იმ უნარების განვითარებას, რაც ამ საქმიანობაში მანდატურებს დაეხმარებათ.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელი ღონისძიება. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ პარტნიორულ ურთიერთობას რესურსებისა და გამოცდილების ურთიერთ გაზიარების კუთხით, რაც სახელმწიფო სტრუქტურებისათვის არის დამახასიათებელი. ჩვენ ვაპირებთ, უახლოეს პერიოდში პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის და სურვილის მიხედვით, პარლამენტის წევრების ჩართულობით, მსგავსი და სხვა ტიპის ტრენინგების გამართვას როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, ასევე სხვა პარტნიორ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგების ჩართულობით“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
