კომპანია „ატუს“ ხელმძღვანელი ოპერისა და ბალეტის თეატრის რეკონსტრუქციის შეჩერებას უარყოფს
კომპანია „ატუს“ ხელმძღვანელი ოპერისა და ბალეტის თეატრის რეკონსტრუქციის შეჩერებას უარყოფს
19:48 17.07.2012
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სარემონტო სამუშაოები შეჩერებული არ არის. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ სამშენებლო კომპანია „ატუს“ ხელმძღვანელმა კარლო ლეკვეიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ოპერაში სარემონტო სამუშაოები ერთი დღითაც არ შეჩერებულა.
„დაყადაღებული „ელიტა ბურჯი“ და „ბურჯი“ ჩვენი ქვემოიჯარე ორგანიზაციებია, რომლებიც გარკვეულ სამუშაოებს ასრულებდნენ. სწორედ „ელიტა ბურჯმა“ გააკეთა ოპერის უნიკალური სახურავი და თეატრის ჭაღები, რომლებიც რესტავრაციის გამო, ამ დროისთვის კომპანიის ტერიტორიაზეა გადატანილი“- აღნიშნა ლეკვეიშვილმა.
მისივე თქმით, ამ კომპანიების დაყადაღებამ შესაძლოა, მუშაობა შეაფერხოს, თუმცა, სარემონტო სამუშაოები არ შეჩერდება.
ამასთან, ლეკვეიშვილის განცხადებით, რუსთველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრის სარემონტო სამუშაოებიც კომპანია „ატუს“ შესრულებულია.
ოპერისა და ბალეტის თეატრის რეკონსტრუქციის შეჩერებისა და სარემონტო სამუშაოების სახელმწიფოს მიერ გაგრძელების შესახებ განცხადება დღეს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ გააკეთა.
მისი თქმით, დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ოპერის შენობის რეკონსტრუქცია, რომელსაც კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია ახორციელებდა, შეწყდება.
მინისტრის თქმით, რეკონსტრუქცია-რესტავრაციის შეწყვეტის მიზეზად, ამ კომპანიის მიერ სხვა სფეროში ჩადენილი კანონდარღვევის გამო, თითქოსდა, მისი ანგარიშის დაყადაღება დასახელდა.
ამასთან, რურუას თქმით, რუსთაველის თეატრში, რომელიც, ასევე, ივანიშვილის ერთ-ერთმა კომპანიამ გაარემონტა, შენობის ნახევრის საფუძველი აუხსნელი მიზეზების გამო არ გაამაგრეს და ფაქტიურად, ის ავარიულ მდგომარეობაშია.

ბეჭდვა