პარლამენტში კულტურისა და სპორტის სამინისტროს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა
პარლამენტში კულტურისა და სპორტის სამინისტროს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა
16:07 07.06.2018
პარლამენტში კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განხორციელებული და განსახორციელებელი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა მასშტაბური სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორისაა: თეატრები, სახელოვნებო სასწავლებლები, მუზეუმები, სპორტის სასახლეები, ფეხბურთისა და რაგბის სტადიონები, სარაგბო ბაზები, ყინულის სასახლე, ჭიდაობის სახლი, კრივის სახლი, სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრი, საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი, მძლეოსნობის მოედანი, სამთო-სათხილამურო სპორტის საზაფხულო სავარჯიშო დარბაზი, ოლიმპიური აუზის გადახურვა, ქუჩის სავარჯიშო მოწყობილობები.



განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის ინფორმაციით, ეს არის რიგით მეორე პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტში, რომელიც აჯამებს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას. „პირველ ანგარიშში ჩვენ გავეცანით უპრეცედენტო სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს, რომელიც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვაზე არის ორიენტირებული და რომლის მასშტაბი არის ისტორიული. დღეს ჩვენ ვიხილავთ უკვე ყველაზე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც განხორციელდა როგორც კულტურის, ასევე სპორტის სფეროში ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა. მისი ინფორმაციით, პროექტების განხორციელებაში მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ფონდი „ქართუს“ მონაწილეობა ფინანსური მხარდაჭერის თვალსაზრისით.

„18 მუზეუმის, 20-მდე თეატრის სრული რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია უკვე განხორციელდა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტისა და აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც დავათვალიერეთ კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მიხეილ გიორგაძესთან ერთად. მსგავსი მასშტაბის პროექტები ბოლო 25 წლის მანძილზე არ განხორციელებულა“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა. მან ყურადღება გაამახვილა საბალეტო სასწავლებლისა და ნიჭიერთა ათწლედის ინფრასტრუქტურის საკითხზე. „ინფრასტრუქტურის პრობლემების გადაჭრის კუთხით რჩება გარკვეული ადმინისტრაციული ბარიერები და დარწმუნებული ვარ, რომ 2019 წელს ჩვენ შევძლებთ ამ საკითხების გადაწყვეტას , რომ ახალ თაობას ჰქონდეს ნიჭისა და უნარების რეალიზაციისთვის საუკეთესო პირობები“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა. მან მადლობა გადაუხადა თითოეულ ადამიანს, რომელიც იდგა ამ პროექტების სათავეში როგორც ფინანსური კუთხით, ასევე განხორციელების თვალსაზრისით. „ჩვენ ვაგრძელებთ კულტურის სფეროსთვის ფინანსური რესურსების მობილიზაციისთვის განსაკუთრებულ მხარდაჭერას ისევე, როგორც განათლების სფეროში. ჩვენი მიზანია, რომ დღეს არსებული ბიუჯეტი არა მხოლოდ შენარჩუნდეს, არამედ იყოს ყოველწლიური ზრდა, რომ კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული და პროგრამული კომპონენტების დაფინანსების შესაძლებლობა არსებობდეს.“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.


სპორტის მიმართულებით მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა ისაუბრა. „ბოლო წლების განმავლობაში არაერთი საერთაშორისო ღონისძიება ჩატარდა საქართველოში და თოთოეულმა მათგანმა უმაღლესი შეფასება მიიღო“, -განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. მან ყურადღება გაამახვილა ტურიზმის მნიშვნელობაზე, რომელიც გაიზარდა აღნიშნული ღონისძიებების შედეგად.



მიხეილ ყაველაშვილის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ სამუშაო შეხვედრა გაიმართა პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან. „სამუშაო შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ჩვენი ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტი გახდება ჯანსაღი ცხოვრება და სპორტი. დაისახა მიზნები, რომ მოკლევადიან გეგმაში უკვე ბიუჯეტის ფორმატში იყოს ასახული კონკრეტული ღონისძიებები, რომელიც ძირითადად ეხება ინფრასტრუქტურას“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ ვიზუალური ვრცელი პრეზენტაცია წარმოადგინა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. მისი ინფორმაციით, დასრულდა თეატრალური უნივერსიტეტის რეკონსტრუქცია, სამხატვრო აკადემიის სტუდენტები კი ახალ სასწავლო წელს რეაბილიტირებულ შენობაში დაიწყებენ. მალე თოჯინების თეატრს ახალი თანამედროვე სტანდარტების შენობა ექნება. წლების განმავლობაში მათ ავარიულ შენობაში უწევდათ მუშაობა. „უმჯობესდება ინფრასტრუქტურის მდგომარეობა თბილისის და რეგიონების 20 თეატრში. მოგვარდა ინფრასტრუქტურული პრობლემები 6 სახელოვნებო სასწავლებელში. 18 მუზეუმში უმჯობესდება ინფრასტრუქტურული საკითხები. ბოლო წლების განმავლობაში სპორტის მიმართულებით ქვეყანამ წამოიწყო ინფრასტრუქტურის უპრეცედენტო მშენებლობა. უკვე დასრულებულია და უახლოეს პერიოდში გაიხსნება მრავალფუნქციური, ორდარბაზიანი 3 სპორტის სასახლე რეგიონებში - გორში, თელავსა და ბათუმში. დასასრულს უახლოვდება თბილისსა და გორში ფეხბურთისა და რაგბის სრულიად ახალი 10 სტადიონის მშენებლობა“, -განაცხადა მიხეილ გიორგაძემ. მისი ინფორმაციით, ფონდ ქართუს დაფინანსებით საქართველოს 9 ქალაქში გვაქვს თანამდეროვე სტანდარტების 15 სარაგბო ბაზა 23 სტადიონით.



ღონისძიება განათლების, მეცნიერებისა და კულტურისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების მხარდაჭერით განხორციელდა.




ბეჭდვა