გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
ორგანიზებით, წიგნის მაღაზიათა ქსელის „ბიბლუსი“ სამ ფილიალში აქცია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, სამინისტროს წარმომადგენლებმა მომხმარებლებს მაისურები, მრავალჯერადი გამოყენების ნაჭრის ჩანთები გადასცეს და ბიოდეგრადირებადი პარკების გამოყენების მნიშვნელობაზე მიაწოდეს ინფორმაცია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის თემას ,,შევამციროთ პლასტიკით დაბინძურება’’ წარმოადგენს.
უწყების ცნობითვე, ვინაიდან პლასტიკის პარკების მოხმარება გლობალური პრობლემაა, მრავალ ქვეყანაში, პლასტიკის პარკების მოხმარების შესამცირებლად, გარკვეული რეგულაციები მოქმედებს.
საერთაშორისო, მათ შორის ევროპული პრაქტიკის გაზიარებით, საქართველოში, გარემოს პლასტიკისგან დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, 2018 წლის ბოლოდან ამოქმედდება ,,ტექნიკური რეგლამენტი - პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესი“.
5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ 1972 წლის 15 დეკემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გამოაცხადა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, ეს დღე გარემოსდაცვით ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას და მისი გადაჭრის გზებს ეძღვნება.
