თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის რეკონსტრუქციას სახელმწიფო
დაასრულებს. ამის შესახებ დღეს განცხადება კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თეატრის რეკონსტრუქცია, რომელსაც პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია ახორციელებდა, შეწყდება.
მინისტრის თქმით, რეკონსტრუქცია-რესტავრაციის შეწყვეტის მიზეზად, ამ კომპანიის მიერ სხვა სფეროში ჩადენილი კანონდარღვევის გამო, თითქოსდა, მისი ანგარიშის დაყადაღება დასახელდა.
„მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ ბალეტი და ოპერა პოლიტიკური ანგარიშსწორების მიღმა იდგა, მაგრამ თუ ეს ასე არაა, ოპერისა და ბალეტის თეატრს საქართველოს მთავრობა გააკეთებს ისევე, როგორც ბათუმისა და ქუთაისის ოპერები გააკეთა“ - განაცხადა რურუამ.
მისი თქმით, რეკონსტრუქცია 2013 წელს უნდა დასრულებულიყო და ეს ვადა არ შეიცვლება.
რაც შეეხება ივანიშვილის მიერ განხორციელებულ სხვა „ქველმოქმედებებს“, რურუას განცხადებით, ყველა რემონტი თავიდან არის გასაკეთებელი.
„რუსთაველის თეატრში, რომელიც, ასევე, მისმა ერთ-ერთმა კომპანიამ გაარემონტა, დღეს გაირკვა, რომ შენობის ნახევრის საფუძველი აბსურდული, აუხსნელი მიზეზების გამო, არ გაამაგრეს და ის ფაქტიურად ავარიულ მდგომარეობაშია. ესეც ისევ სახელწმიფოს გასაკეთებელია“ - აღნიშნა მინისტრმა.
მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას მხოლოდ პოლიტიკური ქულების დასაგროვებლად ეწეოდა.
