პარლამენტში ინტეგრირებული დასის „აზდაკის ბაღის“ სპექტაკლი გაიმართა
პარლამენტში ინტეგრირებული დასის „აზდაკის ბაღის“ სპექტაკლი გაიმართა
18:36 04.06.2018
პარლამენტის სტაჟიორების და აპარატის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პარლამენტმა ინტეგრირებული დასის „აზდაკის ბაღის“ მონაწილეებს უმასპინძლა. მათ ერთმოქმედებიანი სპექტაკლი - „კაცია ადამიანი?!“ წარადგინეს. ღონისძიებას მცხეთის დღის ცენტრის - „მომავლის რწმენა“ აღსაზრდელები, პარაოლიმპიელები, პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლების დაესწრნენ.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სპექტაკლის დაწყებამდე, ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა მიმართა.

„ძალიან გვიხარია, რომ დღეს გვესტუმრეთ პარლამენტში და ამისთვის მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენ სტაჟიორებს ამ არაჩვეულებრივი ინიციატივისთვის. „აზდაკი ბაღი“ არის ერთ-ერთი ყველაზე საოცარი პროექტი, რაც კი შექმნილა ჩვენ საზოგადოებაში და მინდა ასევე მადლობა მოვახსენო იმ ადამიანებს, რომლებიც ამ დასის სულისჩამდგმელნი არიან. ინკლუზიური განათლება და ინკლუზიური კულტურა ჩვენი კომიტეტისთვის და პირადად ჩემთვის, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად რჩება. დიდი იმედი გვაქვს, რომ სკოლასა და კულტურულ დაწესებულებებში, უახლოეს პერიოდში, გვექნება ცვლილებები და რაც მთავარია - თბილისის მერიას აქვს უკვე კონკრეტული გეგმა და იმედი მაქვს ეს თემა მალე გადაწყდება და „აზდაკის ბაღს“ მუშაობისთვის და კიდევ უფრო ფართო განვითარებისთვის, საკუთარი სივრცე ექნება“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

სპექტაკლის მონაწილეებს, მისასალმებელი სიტყვით კომიტეტის წევრმა, თეიმურაზ ჭკუასელმა მიმართა.

„სპექტაკლის ნახვის საოცარი მოლოდინი გამიჩნდა. დარწმუნებული ვარ ბავშვების მიერ შესრულებული სპექტაკლი ბრწყინვალე წარმოდგენა იქნება. აქვე ყოველგვარი ემოციების გარეშე მინდა გითხრათ, რომ ეს არის მოვლენა, რაც დღეს პარლამენტში ხდება და ამას გილოცავთ ყველას“, - განაცხადა თეიმურაზ ჭკუასელმა.




ბეჭდვა