დღეს სოხუმის უნივერსიტეტში ფილოლოგიის დოქტორის, ლელა შათირიშვილის მოხსენება გაიმართება
დღეს სოხუმის უნივერსიტეტში ფილოლოგიის დოქტორის, ლელა შათირიშვილის მოხსენება გაიმართება
10:40 15.05.2018
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, პროექტის - "სამედიცინო და ვეტერინარული ხელნაწერები საქართველოსა და უცხოეთის სიძველეთსაცავებში" ძირითადი შემსრულებლის, ფილოლოგიის დოქტორის, ლელა შათირიშვილის მოხსენება შედგება თემაზე: სამედიცინო ცოდნა შუა საუკუნეების საქართველოში (სასულიერო მწერლობის ნიმუშების საფუძველზე); ჩვენამდე მოღწეული სამედიცინო ხელნაწერი წიგნები: ,,უსწორო კარაბადინი“, ,,წიგნი სააქიმოჲ“, დავით ბატონიშვილის ,,იადიგარ დაუდი“, ზაზა ფანასკერტელის ,,წიგნი სამკურნალო-კარაბადინი“ (XI-XIXსს.) იმისდასტურია, რომ თეორიული და პრაქტიკული მედიცინა საქართველოში კულტურული მსოფლიოს მოწინავე დონეზე იდგა. ზემოჩამოთვლილი ფუნდამენტური სამედიცინო კრებულების გვერდით ძველ ქართულ წერილობით ტრადიციაში სამედიცინო ცოდნა ასახული იყო სასულიერო-ფილოსოფიურ მწერლობაშიც.
სასულიერო პირების მიერ სამედიცინო ცოდნით განსაკუთრებულმა დაინტერესებამ განსაკუთრებით იჩინა თავი ათონის სამწიგნობრო-მთარგმნელობით სკოლაში. აქ მოღვაწე ქართველები (ეფთვიმე და გიორგი მთაწმიდელები) თარგმნიან ასკეტიკური ჟანრის თხზულებებს, რომლებიც შეიცავენ ფიზიოლოგიური ტრაქტატებისათვის დამახასიათებელ ნიუანსებს. ამ თვალსაზრისით, საინტერესია გიორგი მთაწმიდელისთარგმანით მოღწეული ბასილი ანკჳრიელის თხზულება ,,ქალწულებასა შინა ჭეშმარიტისა უხრწნელებისათჳს“, რომელშიც მოცემულია იმ დროისათვის არსებული სამედიცინო ცოდნაც, დამყარებული კლასიკურ მედიცინაში მიღებულ ჰიპოკრატეს ჰუმორალურ-პათოლოგიურ სისტემაზე, გაშუქებულია კვების საკითხი, ნაჩვენებია, რომ ხორციელი საქმიანობის სწორი წარმართვა სულიერი სრულყოფის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

„ჯანმრთელობის დაცვა უხსოვარი დროიდან იქცევდა ადამიანის ყურადღებას. შინაგანი სნეულებების თუ ტრავმული დაზიანებების მკურნალობის შესახებ ემპირიული ცოდნა თაობიდან თაობას გადეცემოდა საუკუნეების მანძილზე. დიდი მოცულობის დაკვირვებითი მონაცემების დაგროვებამ, დამწერლობის შექმნამ, საწერი მასალის გამოგონებამ განაპირობა არსებული სამედიცინო ინფორმაციის ჩვენამდე მოტანა ხელნაწერების სახით.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრის პროექტი "სამედიცინო და ვეტერინარული ხელნაწერები საქართველოსა და უცხოეთის სიძველეთსაცავებში", რომელიც დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, მიზნად ისახავს ქართული სამედიცინო ხელნაწერების ინტერდისციპლინურ შესწავლას, სისტემატიზაციას, მათ შეფასებას მედიცინის ისტორიის კუთხით, სრული მონაცემთა ბაზის შექმნას, უძველეს ხელნაწერ მემკიდრეობაში წარმოდგენილი რეცეპტურის წინაკლინიკურ კვლევას, ახალი ეროვნული ფარმაცევტული პროდუქტის დამზადებასა და მის გამოყენებას სამედიცინო კლინიკურ პრაქტიკაში.

პროექტი ითვალისწინებს ქართული მეცნიერული აზროვნების ისტორიის გაღრმავებულ შესწავლას, მისი პოპულარიზაციისა და ფართო სამეცნიერო მიმოქცევაში ჩართვის თვალსაზრისით. აღნიშნულის გათვალისწინებით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ლექციების ციკლი საქართველოს უნივერსიტეტებში“- აცხადებენ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
მოხსენება 13:00 დაიწყება.




ბეჭდვა