ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ევრაზიის ლიდერობის
ტურის ფარგლებში ჰარვარდის და ტაფტის უნივერსიტეტების და მასაჩუსეტსის ტექნოლგიების ინსტიტუტის სტუდენტები ეწვივნენ. შეხვედრას ქართველ სტუდენტებთან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე ესწრებოდა.
თსუ-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამერიკული უნივერსიტეტების სტუდენტების 5-დღიანი ვიზიტის მიზანი რეგიონის უსაფრთხოების, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის, შავიზღვისპირეთის ქვეყნების ეკონომიკური განვითარების საკითხების შესწავლაა.
უცხოელი სტუდენტები იმყოფებოდნენ ოკუპაციის ხაზთან, შეხვდნენ მთავრობის, სამოქალაქო და ბიზნეს სექტორების წარმომადგენლებს.
ტაფტის უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის ფლეტჩერის სკოლის მაგისტრის ზვიად აძინბაიას განცხადებით, სიმბოლურია რომ სტუდენტების ვიზიტი დემოკრატიული რესპუბლიკის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისთავს დაემთხვა.
„ეს ერთ-ერთი საუკეთესო ღონისძიება იყო, რაც საქართველოში გავმართეთ. გვქონდა შეხვედრა მთავრობასთან, კერძო სექტორთან და სხვა საინტერესო ადამიანებთან, ვიყავით ოკუპაციის ხაზზე. ამერიკელ სტუდენტებს საქართველოს მრავალმხრივი შესწავლა უნდათ - უსაფრთხოებიდან დაწყებული ინვესტიციის გარემოთი და კულტურით დამთავრებული. ვფიქრობ, რომ აქ ყოფნა, თვითონ სტუდენტებთან დალაპარაკება და სტუდენტების აზრის მოსმენაც მათთვის განსაკუთრებით საინტერესოა,“-აღნიშნა ზვიად აძინბაიამ. მან იმედი გამოთქვა, რომ თსუ-თან თანამშრომლობა და მეგობრობა მომავალში გაგრძელდება.
„სტუდენტებთან შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა, კარგი შეკითხვები იყო, დაისვა მძაფრი კითხვებიც“ - აღნიშნა თსუს რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ. მისივე თქმით, დელეგაციის წევრები სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობენ, უზიარებენ თავის გამოცდილებას თანატოლებს.
ასევე, თსუს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცნობით, ჰარვარდის კენედის, ბიზნესის, სამართლის სკოლების, ტაფტის უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის ფლეტჩერის სკოლის, ასევე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის მენეჯმენტის სლოუნის სკოლის მაგისტრანტების ტური აზიის ლიდერობის ცენტრის ინიციატივების პატრონაჟით ხორციელდება. პროექტის თემაა „გეოპოლიტიკური ასპექტები და რეგიონული პერსპექტივები“.
„მოხარულები ვართ, რომ ვიმყოფებით საქართველოში და სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ვხვდებით ქვეყნის ლიდერებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, გვაქვს მათთან დიალოგი, ვიგებთ მათ აზრებს და წარმოდგენებს იმის შესახებ, თუ როგორ წარმოუდგენიათ ქვეყნის მომავალი. ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ დღეს ვიმყოფებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც შევხვდით სტუდენტებს. ჩვენი ვიზიტის მიზანია ვისწავლოთ და ამასთანავე გავცეთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა,“ - განაცხადა ჰარვარდის კენედის სკოლის აზიის ლიდერობის ინიციატივების ცენტრის პრეზიდენტმა სამუეილ კიმმა.
შეხვედრის დასასრულს სტუმრებისთვის რამდენიმე მუსკალური ნომერი შეასრულა „თსუ გორდელამ“, რომელიც, ცოტა ხნის წინ, მასტერკლასით თავად სტუმრობდა ჰარვარდის უნივერსიტეტს.
