მარიამ ჯაშმა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულ კონფერენციაში - „ინკლუზიური განათლების სისტემური განვითარება“ მიიღო მონაწილეობა
მარიამ ჯაშმა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულ კონფერენციაში - „ინკლუზიური განათლების სისტემური განვითარება“ მიიღო მონაწილეობა
16:46 29.05.2018
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ (Save the Children) ორგანიზებით, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული კონფერენცია გაიმართა თემაზე - „ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარება“.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული ინკლუზიური განათლების მოდელი, მიმდინარე პროექტები, „ინკლუზიური განათლების განვითარების2018-2021“ სტრატეგია და პრიორიტეტები. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებმა აუდიტორიას თავის მხრივ, ინკლუზიური განათლების საკუთარი მოდელები, სისტემის სუსტი და ძლიერი მხარეები გააცნეს.

კონფერენციაში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში მონაწილეობდა. მან გამოსვლისას აღნიშნა ის დიდი მიღწევა, რომელიც ქვეყანას უკვე აქვს მიღწეული ზოგადი განათლების ეტაპზე. მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით, პროგრამაში ჩართული არის 7000-ზე მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე. თუმცა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ სკოლამდელი ასაკის ინკლუზიისა და უმაღლესი განათლების ინკლუზიის ხელშეწყობისთვის უფრო მეტი ინვესტიციაა საჭირო.

ხარისხის თვალსაზრისით ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებზე საუბრისას მარიამ ჯაშმა აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს პარლამენტში სპეციალური პედაგოგების პროფესიის რეგულირებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივა შემოვა, რომლის შემუშავებაშიც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი აქტიურად იყო ჩართული.

„დღემდე, პროგრამის იმ ხელმძღვანელებს, რომლებიც ხელს უწყობდნენ ინკლუზიური განათლების პროგრამებში ბავშვების ჩართვას, არ ჰქონდათ, პედაგოგის წოდება და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. უახლოეს პერიოდში, მსჯელობა გვექნება სწორედ ამ ცვლილებებზე და დიდი იმედი მაქვს, რომ საშემოდგომო სესიას ახალი რეგულაციებით შევხვდებით, რომელიც ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ხარისხის გაუმჯობესება არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ სისტემისთვის, არამედ თითოეული ბავშვისთვის და მშობლისთვის, რომელიც ჩართულია ინკლუზიური განათლების პროგრამაში“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ბეჭდვა