პარტია „ქართული დასის“ ლიდერი, დეპუტატი ჯონდი ბაღათურია „ლიბერთი ბანკს“ თაღლითობაში ადანაშაულებს.
ბაღათურიას განმარტებით, ბანკმა პენსიის დარიგების დროს, გუშინ რამდენიმე პენსიონერს სადაზღვევო პაკეტის ღირებულების 15 ლარი ჩამოაჭრა, რაც ბაღათურიას თქმით, უკანონოა, სადაზღვევო პაკეტი პენსიონერს სრულიად უფასოდ უნდა მიეღო.
აღნიშნულთან დაკავშირებით, „ქართული დასის“ ლიდერი ქიქოძის ქუჩაზე მდებარე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალში მივიდა და პენსიონერებს პირადად გაესაუბრა.
როგორც „ნიუსპრესს“ ბაღათურიამ განუცხადა, პარტიის ოფისში 8 პენსიონერის განცხადება სწორედ აღნიშნული ფილიალიდან შევიდა.
„როგორც ახლა მენეჯერმა განმიმარტა, გუშინ შეცდომა გაიპარა და პენსიონერებს თვეში 15 ლარიანი სადაზღვევო პაკეტის გამო, პენსიაზე 15 ლარი ჩამოაჭრეს, თუმცა, მენეჯერთან ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ ვისაც თანხა ჩამოეჭრა, აუცილებლად უკან დაუბრუნდება. ამბობენ, რომ რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი“- განაცხადა ბაღათურიამ.
გარდა ამისა, მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პენსიონერმა „ლიბერთი ბანკიდან“ პენსია წინასწარ გაიტანა, მას მაღალი საპროცენტო განაკვეთი ერიცხება, რაც ყოვლად დაუშვებელია.
„ასევე, ამ ბანკში ხდება პენსიის წინასწარი აღება, ე.წ. „ოვერდრაფტი“, რის გამოც პენსიონერს 36 ლარი ექვითება. რაც არ ხდება არცერთ ბანკსა და სავახშოში. წინაწარ გაცემულ პენსიაზე ასეთი მაღალი საპროცენტო განაკვეთი არსადაა, რაც სრულიად უკანონოა“- განაცხადა ბაღათურიამ და აღნიშნა, რომ „ლიბერთი ბანკი“ პენსიონერებს ძარცვავს, მათ კი, სხვა ბანკში პენსიის აღების ალეტრნატივა არ აქვთ.
