თელავში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი აღინიშნება
თელავში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი აღინიშნება
15:01 26.05.2018
საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილე, საქართველოს სხვა ქალაქებთან ერთად, თელავშიც აღინიშნება.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, თელავის ცენტრში იმართება ღვინის ფესტივალი, რომელშიც 30-მდე ღვინის კომპანია და მცირე მარანი მონაწილეობს.
თელავში საზეიმო ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და სოლომონ პავლიაშვილი, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეები ანდრო ასლანიშვილი და ლევან მეხუზლა დაესწრნენ. ისინი კახეთის გუბერნატორთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად გაეცნენ ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილ კომპანიებს.
ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილია ღვინისა და ვაზის კულტურის ისტორიასა და ტრადიციებთან დაკავშირებული ვიზუალური მასალა, სხვადასხვა თემატური ფოტოსტენდი, ქართული ვაზის ჯიშების თეატრალიზებული წარმოდგენა. სპეციალურად მოწყობილ სივრცეში გაიმართა შემეცნებითი ლექცია, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მაოდგილე ლევან მეხუზლა უძღვებოდა, აქვე გაიმართა სამეცნიერო დოკუმენტურის ფილმის „საქართველო - ღვინის აკვანი“ ჩვენება.
ქალაქის ცენტრში მოწყობილ ღვინის მოედანზე მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება ქართული ღვინის გამოფენა-გაყიდვა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თელავის ცენტრალურ მოედანზე წარმოდგენილია ასევე სამხედრო ტექნიკა. აქვე იმართება ხელნაკეთი აქსესუარებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა. ბავშვებისთვის მოეწყო გასართობი პროგრამა მხიარული სტარტებითა და სპორტულ-მუსიკალური შეჯიბრებებით.
ასევე, იმართება კონცერტები, რომლებშიც მონაწილეობას იღებენ ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად, თელავთან დამეგობრებული სხვადასხვა ქალაქის ფოლკლორული ანსამბლები.
ღონისძიება საღამოს გალა-კონცერტითა და გრანდიოზული ფოერვერკით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მომღერალი ნინი ქარსელაძე და ანსამბლები: „ქართული ხმები“, „ქუჩის ბიჭები“, „ფრანი“.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს თბილისში, თელავსა და ფოთში წარმოადგენს.
ბეჭდვა