მიხეილ ჩხენკელმა დალია გრიბაუსკაიტესთან ერთად ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების შემსწავლელი ცენტრის შენობა გახსნა
მიხეილ ჩხენკელმა დალია გრიბაუსკაიტესთან ერთად ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების შემსწავლელი ცენტრის შენობა გახსნა
11:07 26.05.2018
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორ არჩილ ფრანგიშვილთან ერთად ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების შემსწავლელი ცენტრის ახალი შენობა გახსნა.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე, გაიხსნა ლიეტუვას ნაციონალური მუზეუმის მიერ მომზადებული გამოფენა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.


მიხეილ ჩხენკელმა ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს კიდევ ერთხელ მიულოცა დამოუკიდებლობის ასი წლის იუბილე, რომელიც ლიეტუვამ 16 თებერვალს იზეიმა და აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ასი წლისთავზე საქართველოში მისი სტუმრობა დიდი პატივია.

მინისტრმა ხაზი გაუსვა ლიეტუვასა და საქართველოს ხანგრძლივ, მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. ქვეყნებმა, რომლებმაც ერთად გამოიარეს საბჭოთა ავტორიტარიზმის დრამატული ათწლეულები და იმ ურთულეს პერიოდში ქართველებსა და ლიეტუველებს თავისუფლებისკენ სწრაფვა და მომავალის საერთო ხედვა აერთიანებდა:

„ლიეტუვა, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა, საიმედო პარტნიორი და მხარდამჭერია ევროპულ ერთა ოჯახისაკენ ჩვენი სწრაფვისას. ქართველები დიდად აფასებენ ლიეტუველი ხალხისა და მთავრობის თანადგომას, რასაც განუწყვეტლივ ვგრძნობთ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე.

მოხარული ვარ, რომ ეს თანადგომა და თანამშრომლობა სულ უფრო ღრმავდება. მათ შორის - მეცნიერებისა და განათლების სფეროში. ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი ამ თანამშრომლობის შესანიშნავი მაგალითია. ცენტრის ძალისხმევით, ლიეტუვური ენის შესწავლასთან, კულტურისა და ტრადიციების გაცნობასთან ერთად, არაერთ ქართველ სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა ცოდნა გაიღრმავოს ლიეტუვის წამყვან უნვერსიტეტებში, მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო კონფერნეციებსა და საგანმანათლებლო პროექტებში. ქართველი და ლიეტუველი ახალგაზრდების დაახლოება, პროფესიული თანამშრომლობა სამომავლოდ ჩვენ ქვეყნებს შორის კიდევ უფრო მტკიცე და მრავალმხრივი ურთიერთობების საწინდარია“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა და მადლობა გადაუხადა ცენტრის ხელმძღვანელობას, თითოეულ თანამშრომელსა და სტუდენტებს მათი ძალისხმევისთვის.


ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი 2012 წელს დაარსდა. ცენტრი ყველა დაინტერესებულ სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს, სრულიად უფასოდ დაეუფლონ ლიეტუვურ ენას, გაეცნონ ლიეტუვურ კულტურას და მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში. სალექციო კურსს ლიეტუვუდან სპეციალურად მოწვეული პროფესორი, ვიდას კავალიაუსკასი, ხელმძღვანელობს.

ბეჭდვა