განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ღონისძიებებს თბილისში, ამბროლაურსა და ფოთში გამართავს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ღონისძიებებს თბილისში, ამბროლაურსა და ფოთში გამართავს
10:48 26.05.2018
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ერთიანი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ვრცელ პროგრამას თბილისში, ამბროლაურსა და ფოთში ერთდროულად წარმოადგენს.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, წარმოდგენილი იქნება საბიბლიოთეკო სივრცე, სადაც 100 წლის წინანდელი ეპოქა გაცოცხლდება. სხვადასხვა კუთხეში გამოიფინება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნების ამსახველი დოკუმენტები და ფოტომასალა; ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სპეციალისტები ბავშვებს ასწავლიან წიგნის/ხელნაწერის აკინძვის ტექნიკას, ხოლო კალიგრაფისტები ბავშვებთან ერთად, დაწერენ სხვადასხვა ინიციალებს და სუვენირების სახით დაარიგებენ; თსუ-ს პროფესორები ბავშვებს მოუთხრობენ განვლილი 100 წლის მნიშნველოვან მოვლენებზე; წარმოჩენილი იქნება STEM-ის (ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების) მიმართულებით საუკუნის მიღწევები. ბავშვებისათვის გაიმართება წამახალისებელი აქტივობები.

ამბროლაურში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად, წარმოდგენილი იქნება შემეცნებითი-გასართობი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გაიმართება სამეცნიერო შოუ. მოსწავლეებისთვის ჩატარდება სახალისო ცდები, შემეცნებითი თამაშები, წამახალისებელი კონკურსები და სხვა. ამასთან, მოეწყობა საბავშვო აქტივობები: ნიღბების თეატრი, ილუზიონისტებისა და ანიმაციური შოუები, გაიმართება კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტების მონაწილეობით, ხოლო დასკვნით ნაწილში ნიაზ დიასამიძის კონცერტი ჯგუფ „33ა-სთან“ ერთად. მოეწყობა ასევე საავიაციო შოუ და სანახაობა ფოიერვერკის, ფერადი ფანტელებისა და ბუშტების თანხლებით.


ქალაქ ფოთში, ცენტრალურ პარკში, პროფესიული კოლეჯები საკუთარ ნაკეთობებსა და პროდუქციას გამოფენენ, რომელშიც მონაწილეობას 10 პროფესიული კოლეჯი მიიღებს. სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ პროფესიული განათლების სხვადასხვა მიმართულებებს და მათი ნამუშევრები დაათვალიერონ.

ბეჭდვა