საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ფონდი ქომაგი“ ტელე-რადიო კომპანია „მაესტროს“ სოლიდარობას უცხადებს და მხარს უჭერს საქართველოში
მედიის თავისუფლების დაცვის მიზნით ჩატარებულ ყველა ღონისძიებას.
როგორც „ქომაგის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული,
მედიის დაყოფისა და შევიწროვების ფაქტები საქართველოში დემოკრატიის ხარისხს კიდევ უფრო ამცირებს, ხოლო მოსახლეობას ინფორმაციის თავისუფლებად მიღებისა და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პროცესების სწორად შეფასების საშუალებას უზღუდავს.
„ეს კი არჩევნების დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარებას კვლავ საფრთხის ქვეშ აყენებს“ - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, ტელეკომპანია „მაესტროს“ სატელიტური ანტენები დააყადაღა.
პროკურატურის ინფორმაციით, სატელევიზიო ანტენების უსასყიდლოდ გადაცემით, ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ პოლიტიკურ ორგანიზაცია „ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული კომპანია „ელიტა ბურჯის“ ხელმძღვანელ პირთა დავალებით, კომპანია „მაესტროს“ მიერ საქართველოში დიდი ოდენობით ანტენების შემოტანის ფაქტი დაადგინა.
პროკურატურის განცხადების თანახმად, მტკიცებულებები მიუთითებს, რომ აღნიშნულ ანტენებს მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ გადასაცემად გამოიყენებენ, იმავე სქემით, როგორც ეს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მიერ განხორციელდა. პროკურატურის განცხადებით, ყადაღის გამოყენების ღონისძიებები შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისგან წინაასარჩევნო პროცესების დაცვას და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
