საქართველოს სკოლებში დღეს მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა
საქართველოს სკოლებში დღეს მეთორმეტეკლასელებისთვის  ბოლო ზარი დაირეკა
13:25 18.05.2018
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, თბილისის 150-ე საჯარო სკოლაში, მე-12 კლასელთა ორგანიზებულ ბოლო ზარს დაესწრო. მათთან ერთად, მინისტრმა ყველა მე-12 კლასელს სწავლის დასრულება მიულოცა და დასახული მიზნების ასრულება და წარმატებები უსურვა:

"გილოცავთ თქვენი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას - სკოლის დასრულებას. ის, რაც აქამდე თქვენი ყოველდღიურობა იყო, დღეიდან მარად დაუვიწყარ გამოცდილებად იქცევა.

თქვენს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი იწყება - ახალი გამოცდილებებით, ურთიერთობებით, მეგობრებით, ცოდნისა და განვითარების ახალი პერსპექტივებით, მეტი უფლებებითა და ამავდროულად, პასუხისმგებლობით საკუთარი მომავლისა და ქვეყნის წინაშე. წარმატებებს გისურვებთ ამ გზაზე.

მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი იპოვის საკუთარ ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში. რომ წინ შემეცნების სიხარულით აღსავსე და საინტერესო ცხოვრება გელით. და რომ თქვენი სწავლა და შრომა ჩვენ სამშობლოს ისევე გამოადგება, როგორც თქვენ პირად წინსვლას".

2018 წელს, სკოლას საჯარო და კერძო სკოლების 39000-მდე მეთორმეტეკლასელი ამთავრებს. საატესტატო გამოცდები კი, საქართველოს მასშტაბით 20 მაისს იწყება.




ბეჭდვა