გამოკითხულთა უმრავლესობა პატრიარქის მოღვაწეობას დადებითად აფასებს
გამოკითხულთა უმრავლესობა პატრიარქის მოღვაწეობას დადებითად აფასებს
13:06 16.07.2012
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ 2012 წლის ივნისში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, საქართველოს  კათოლიკოს-პატრიარქის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა ყველაზე მეტი რაოდენობა აფასებს. კითხვაზე - „როგორ შეაფასებდით პატრიარქის საქმიანობას“, პასუხი „ძალიან კარგად“ რესპონდენტების 69 %-მა გასცა, ხოლო „კარგად“- 18%.

რესპონდენტების 12%-მა პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის საქმიანობის შეფასებისას უპასუხა - „ძალიან კარგად“, ხოლო „კარგად“ ახალი პრემიერის საქმიანობას 37% აფასებს. გამოკითხულთა 26%-ს მიიჩნევს, რომ მერაბიშვილი საშუალოდ მუშაობს, 7%-ს მისი საქმიანობის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, ხოლო 2%-ს მიაჩნია, რომ პრემიერი საქმიანობა „ძალიან ცუდია“.

თბილისის მერის, გიგი უგულავას საქმიანობა გამოკითხულთა 7%-ს ძალიან მოსწონს, 33% მიიჩნევს, რომ უგულავას საქმიანობა „კარგია“, 34% პასუხობს, რომ მერის საქმიანობა საშუალოდ შეიძლება შეფასდეს, 8%-ცუდად, ხოლო 3% მას ძალიან ცუდად მიიჩნევს.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმიანობას „ძალიან კარგად“ აფასებს გამოკითხულთა 8%, „კარგად“ - 31% , „საშუალოდ“ - 36 %, „ცუდად“ -10%, ხოლო „ძალიან ცუდად“- 4%.

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის საქმიანობა „ძალიან კარგად“ მიაჩნია გამოკითხულთა 5%-ს, „კარგად“-28%-ს, „საშუალოდ“- 24%-ს, „ცუდად“ -10%, ხოლო „ძალიან ცუდად“ -2%-ს.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის საქმიანობა ძალიან მოსწონს გამოკითხულთა 12%-ს, მოსწონს -21%-ს, საშუალოდ აფასებს - 34%, უარყოფითად -10%, ხოლო მისი საქმიანობის მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება 4%-ს აქვს.

NDI-მ გამოკითხვა 4-22 ივნისის პერიოდში ჩაატარა. მთელი საქართველოს მასტაბით 6 299 რესპონდენტი გამოიკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2%-ია.


ბეჭდვა