ინგლისურისა და კომპიუტერის კურსებზე რეგისტრაცია იწყება
ინგლისურისა და კომპიუტერის კურსებზე რეგისტრაცია იწყება
09:12 16.07.2012
პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ახალი პროექტის - „პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგების” ფარგლებში, ინგლისური ენის და კომპიუტერული  უნარ-ჩვევების შემსწავლელ უფასო კურსებზე რეგისტრაცია დღეს იწყება.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ახალი პროექტი ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს გადამზადების ორთვიანი კურსი გაიაროს ინგლისურ ენაში, კომპიუტერულ უნარ-ჩვევებსა და პროფესიულ ორიენტაციაში, სურვილისამებრ აირჩიოს ერთი, ორი ან სამივე ტრენინგი ერთად.
20 ქალაქისა და რაიონული ცენტრის 80 ტრენინგცენტრში ერთდროულად 20 000 ადამიანი უფასოდ გადამზადდება.
პროექტის ფარგლებში მსურველთა რეგისტრაცია 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია ელექტრონულად რესურსცენტრებში, საჯარო სკოლებსა და ვებგვერდზე: www.po.ge იწარმოებს. რეგისტრაციისთვის მხოლოდ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენაა საჭირო.
ტრენინგები 15 სექტემბერს დაიწყება და 15 ნოემბრამდე გაგრძელდება. სალექციო კურსს პროფესიონალი ტრენერები ჩაატარებენ. სპეციალურად ამ ტრენინგებისათვის სახელმძღვანელოები შეიქმნა. ყველა საჭირო სახელმძღვანელო და სასწავლო მასალა მონაწილეებს უფასოდ დაურიგდებათ.
ტრენინგების ცენტრები რუსთავში, თელავში, გურჯაანში, გორში, ხაშურში, ბორჯომში, ახალციხეში, ახალქალაქში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ქუთაისში, სამტრედიაში, ტყიბულში, ონში, სენაკში, ზუგდიდში, ფოთში, ქობულეთში, ოზურგეთსა და მესტიაში გაიხსნება.

ბეჭდვა