მიხეილ ჩხენკელი ხონის საპატიო მოქალაქე გახდა
მიხეილ ჩხენკელი ხონის საპატიო მოქალაქე გახდა
09:52 07.05.2018
ქალაქ ხონში გიორგობისა და ხონელობის ტრადიციული დღესასწაული აღინიშნა. ამ დღეს ხონელები საპატიო ხონელებს ირჩევენ. წელს ეს პატივი განთლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს, გენერალ - ლეიტენანტს, საქართველოს პოლიტიკური უნივერსიტეტის კანცლერს, მეცნიერ ჯემალ გახოკიძეს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტს ელგუჯა მელაძესა და პედაგოგ ლიანა ბალავაძეს ხვდათ წილად.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, მისთვის დიდი პატივი და ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა ხონის საზოგადოების მიერ საპატიო მოქალაქედ არჩევა:

„ხონელთათვის ისტორიულად მნიშვნელოვანია კულტურა და განათლება. შეიძლება ბევრმა არც იცის, რომ საქართველოში პირველი სასულე ორკესტრი 1890 წელს სწორედ ხონში ჩამოყალიბდა. ჯერ კიდევ წინა საუკუნის დასაწყისიდან მოქმედებდა ერთ-ერთი პირველი თეატრალური დასი.

ჩემთვის, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და პროფესორისათვის, განსაკუთრებით საგულისხმოა ხონელთა სწრაფვა ცოდნისაკენ. ჯერ კიდევ XIX საუკუნის მეორე ნახევარში ხონში დაარსდა საქალაქო სკოლები, სამასწავლებლო სემინარია, ვაჟთა და ქალთა გიმნაზიები და პროგიმნაზიები, სახელოსნო სასწავლებელი. არსად იმდენი სკოლა და პედაგოგი არ იყო რამდენიც ამ ქალაქში.
ეს მიწა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ჩვენი სულიერებისთვისაც. ხონის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ქართველთა მფარველი წმინდანის ნაწილებია დასვენებული. გადმოცემით, სწორედ ამ ტაძარშია დაკრძალული წმინდა გიორგის მარჯვენა მკლავიც.
დიდ მადლობას მოვახსნებ კულტურული და საგანმანათლებლო ტრადიციებით ესოდენ მდიდარი ქალაქის ნიჭიერ და მშრომელ ხალხს ასეთი აღიარებისა და დაფასებისათვის“ - განაცხადა მინისტრმა.


ბეჭდვა