შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო სადაზღვევო პოლისების დარიგებას დღეიდან იწყებს.
საქართველოს მოქალაქეები დაზღვევის პოლისით სარგებლობას 1 სექტემბრიდან შეძლებენ.
1 სექტემბრიდან სადაზღვევო მომსახურებით 600 ათასამდე პენსიონერი ისარგებლებს. პოლისს 100 ათასამდე სტუდენტი და 5 წლის ჩათვლით ყველა ბავშვი მიიღებს.
ჯანმრთელობის დაცვის პოლისს ყველა პენსიონერი პენსიასთან ერთად მიიღებს. ვისთანაც პენსია „ლიბერთი ბანკის“ მეშვეობით მიჰქონდათ, პოლისს სახლში მიიღებს. ასეთივე მომსახურებით ისარგებლებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.
რაც შეეხება ბავშვებსა და სტუდენტებს, ისინი სადაზღვევო პოლისს საქართველოს ფოსტის მეშვეობით რეგისტრირებული მისამართის მიხედვით მიიღებენ, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეები პოლისის აღებას სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ სერვისცენტრში შეძლებენ.
პოლისი ამბულატორიული მომსახურებისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარჯებს სრულად დაფარავს. გათვალისწინებულია ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობისთვის საჭირო თანხები.
პოლისებს მოსახლეობა ეტაპობრივად მიიღებს და მათი დარიგების პროცესი 1 სექტემბრისთვის დასრულდება.
