სოციალური გრანტის მქონე სტუდენტები „Certus“ - ის ფარგლებში უცხოური ენების ტესტირებას გაივლიან და სერტიფიკატს მიიღებენ
სოციალური გრანტის მქონე სტუდენტები „Certus“ - ის ფარგლებში უცხოური ენების ტესტირებას გაივლიან და სერტიფიკატს მიიღებენ
14:29 25.04.2018
სტუდენტები, რომელთაც სოციალური გრანტი აქვთ, „Certus“ - ის ფარგლებში უცხოური ენების ტესტირებას გაივლიან და სერტიფიკატს მიიღებენ.


ამ შეთავაზებით პროექტის პარტნიორი უმაღლესი სასწავლებლების მე-4 კურსის სტუდენტები ისარგებლებენ. „Certus“ - ის უცხოური ენის სერტიფიკატის მფლობელებს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად ენის გამოცდის ჩაბარების ვალდებულება აღარ ექნებათ შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში (სდასუ) და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. სერტიფიკატის წარდგენა შესაძლებელია დამსაქმებელ ორგანიზაციებთანაც.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტი „Certus“ არის კომპეტენციის დადასტურების საუკეთესო შესაძლებლობა მსურველისათვის და კანდიდატთა შერჩევის, მეთოდოლოგიურად გამართული სერვისი კომპანიებისათვის. პროექტი, ერთი მხრივ, ორგანიზაციების (კერძო კომპანიები, უმაღლესი სასწავლებლები და ა.შ.) მოთხოვნებისა და, მეორე მხრივ, ამ სექტორში საქმიანობისა თუ სწავლის გაგრძელების მსურველთა საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა.

ეს არის ნებისმიერი მსურველისათვის კონკურენტუნარიანობის გაზრდის მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი საშუალება. მონაწილე შეძლებს ძირითადი კომპეტენციების დადასტურებას მისთვის ხელსაყრელ დროს და მიღებული სერტიფიკატის წარდგენას პოტენციურ დამსაქმებელთან ან უმაღლეს სასწავლებელში.

უმაღლესი სასწავლებლების გარდა, „Certus“-ის სერტიფიკატს აღიარებს საჯარო და კერძო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი.



ბეჭდვა