მთავრობის კანცელარიაში უწყებათაშორისი კომისიის „სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის“ სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
სხდომას უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, ასევე პოლიტიკური პარტიების “ქდმ“-ს , „ახალი მემარჯვენეების“ ,“ედპ“-ს, „ევროპელი დემოკრატების“, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის წევრები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თუ რა ფორმით უნდა მოხდეს რეაგირება იმ დარღვევებზე, რომლებიც საარჩევნო კამპანიის დროს იქნება აღმოჩენილი.
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობა არჩევნების შესახებ ქცევის წესების ერთიანი დოკუმენტის შექმნის ინიცატივით გამოდის.
„დოკუმენტის მიზანი იქნება განსაზღვროს საარჩევნო კამპანიის ძირითადი საკითხები, რომელიც შეეხება ძალადობის გამოყენებაზე უარის თქმას, ასევე მოსყიდვაზე უარის თქმას, კანონთა შესაბამისი ნორმების დაცვას ყველა პოლიტიკური სუბიექტისათვის. ვფიქრობ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნება , რომელსაც უნდა შეუერთდეს ყველა ის პოლიტიკური გაერთიანება, რომლის მიზანიც ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების ჩატარებაა“-განაცხადა კუბლაშვილმა უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.
სხდომა მთავრობის კანცელარიაში ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სხდომას საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
