„ეკოლოგიური სამართლის ცენტრი“ ტყეებში გაჩენილ ხანძრებზე პასუხისმგებლობას ალექსანდრე ხეთაგურს აკისრებს
„ეკოლოგიური სამართლის ცენტრი“ ტყეებში გაჩენილ ხანძრებზე პასუხისმგებლობას ალექსანდრე ხეთაგურს აკისრებს
12:41 14.07.2012
„ეკოლოგიური სამართლის ცენტრის“ ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე საქართველოს ტყეებში ყოველ გაჩენილ ხანძარზე  პასუხისმგებლობას ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ალექსანდრე ხეთაგურს აკისრებს.
როგორც მჟავანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ენერგეტიკის სამინისტროსგან მათ მიიღეს წერილი, სადაც დაფიქსირებულია, რომ 4 წელზე მეტია ტყეებში ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებები არ გატარებულა.
მისივე თქმით, აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 342 მუხლის გათვალისწინებული დანაშაულია, რომელიც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს.
მჟავანაძისვე თქმით, დღეს თუ ტყეებში ხანძარი არ ჩნდება ეს მხოლოდ ბუნებისა და გრილი ამინდების დამსახურებაა, აგვისტოში კი ტემპერატურის მატებასთან ერთად ხანძრის გაჩენის საშიშროებაც გაიზრდება.
მჟავანაძის განცხადებით, აუცილებელია ენერგეტიკის სამინისტრომ მოსალოდნელი ხანძრების თავიდან ასაცილებლად შესაბამისი ღონიძიებები - ბილიკების გაყვანა, მონიტორინგი, რეინჯერების მობილიზება და ვერტმფრენების უზრუნველყოფა მოახდინოს.
„აღნიშნული ღონისძიებების გატარების შემთხვევაში ხანძრის ლოკალიზება უფრო ადვილია. დღეს საქართველოს ტყეებს 500 რეინჯერი იცავს, რაც არასაკმარისია“, - აღნიშნა მჟავანაძემ.

მისივე თქმით, ხანძრების რაოდენობით განსაკუთრებულად 2010 წელი გამოირჩეოდა, როდესაც ქვეყანაში 30 ათასი ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა.
„ზამთარში გაჩენილი ხანძრები უფრო იმას უნდა მივაწეროთ, რომ შარშან სატყეო სააგენტო ენერგეტიკის სამინისტროს გადაეცა. შესაბამისად ვვარაუდობთ, რომ შარშან ხანძრების გაჩენა სპეციალურად ხდებოდა“ - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ და დასძინა, რომ ენერგეტიკის სამინისტრო საქართველოს ტყეებს თავისი სურვილისამებრ ექცევა.

ბეჭდვა