აშშ-მ საქართველოს საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმარებისთვის 2.7 მლნ აშშ დოლარი გამოუყო
აშშ-მ საქართველოს საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმარებისთვის 2.7 მლნ აშშ დოლარი გამოუყო
18:58 13.07.2012
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ 2.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმარების შესახებ გრანტის გამოყოფის თაობაზე დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

როგორც „ნიუსპრეს“ აშშ-ს საელჩოდან აცნობეს, აშშ-ს მთავრობასთან არსებულ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (MCC) საქართველოს მთავრობას შორის მიღწეული საგრანტო შეთანხმების საფუძველზე, რიგით მეორე პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლათდ 2.7 მლნ აშშ დოლარია გათვალისწინებული.

გრანტი მოხმარდება სხვადასხვა პროგრამების ორგანიზებას, რომლებიც ხელს შეუწყობენ ზოგადად განათლების დონის ზრდას, გამოიკვლევენ შრომის ბაზარს, მოახდენენ იმ სოციალური და გენდერული ფაქტორების ანალიზს, რომლებიც დაკავშირებულია განათლებისა და სამუშაოს ხელმისაწვდომობასთან.

საქართველოს მთავრობამ უკვე გახსნა ანგარიში Millennium Challenge Account – Georgia (MCA-Georgia), რათა უახლოესი თვეების განმავლობაში უზრუნველყოს გრანტის ადმინისტრირებასა და კომპაქტის საბოლოო პროექტის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები.

საქართველოს მთავრობამ MCA-საქართველოს ბორდის ხელმძღვანლად ნიკა გილაური შეარჩია, რომელიც საქართველოსა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას შორის არსებული პირველი პროგრამის ფარგლებში უკვე მუშაობდა ამ პოზიციაზე 2006 წლის აპრილიდან 2011 წლის აპრილამდე.

MCA -საქართველოს ბორდის წევრები იქნებიან საქართველოს ფინანსთა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრები, ასევე კონსულტაციების შედაგად კერძო სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების ორი წარმომადგენელი.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ პირველი გრანტი სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროებში წვრილი და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის იყო გამოყოფილი.

ბეჭდვა