კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილე ორგანიზაციის წარმომადგენლის, ირაკლი მელაშვილის შეფასებით, სატელიტურ თეფშებთან ბრძოლა
ხელისუფლების მხრიდან პარანოიაში გადაიზარდა.
„ეს არის პირდაპირი ბანდიტიზმი და არანაირ სამართლებრივ ჩარჩოში აღარ ჯდება, როდესაც ტელევიზიებს არ ეძლევათ მთავარი მიზნის განხორციელების საშუალება, რაც მათი მხრიდან, მეტი მაყურებლის მოზიდვაა. ხელისუფლება ამ ყველაფერს ამომრჩევლის მოსყიდვად აფასებს. როგორც ხედავთ, თეფშებთან ბრძოლამ პარანოიის სახე მიიღო“ - განაცხადა მელაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროსთვის“ სატელიტური ანტენების დაყადაღების ფაქტის შეფასებისას.
მისივე თქმით, ეს იგივეა, რომ კონკრეტული კომპანიის წარმომადგენლები დაიჭირონ იმის გამო, რომ მათ ქსელში ერთ ტელევიზორს თუ იყიდი, მეორეს საჩუქრად გადმოგცემენ.
ამასთან, მელაშვილის თქმით, ხელისუფლებამ კარგად იცის რა პერიოდში უნდა განახორციელოს მსგავსი უკანონო ქმედებები.
„ივლისი და აგვისტო შვებულებების სეზონია. შესაბამისად, საერთაშორისო ორგანიზაციები ნაკლებად აქტიურობენ ამ პერიოდში. ხელისუფლებამ კი, კარგად იცის უკანონო ქმედებების ჩადენისთვის დროის შერჩევა“ - აცხადებს მელაშვილი და დასძენს, რომ იგი მომავალ კვირას საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს, სადაც აღნიშნულ საკითხსაც დააყენებს.
პარლამენტთან ტელეკომპანია „მაესტროს“ თანამშრომლების აქცია გაიმართა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, რამდენიმე დღის წინ „მაესტროს“ სატელიტური ანტენები დააყადაღეს.
