გელა ნიკოლაიშვილის შეფასებით, ქვეყანაში შექმნილ ვითარებას შეიძლება „თეფშების რევოლუცია“ ეწოდოს
გელა ნიკოლაიშვილის შეფასებით, ქვეყანაში შექმნილ ვითარებას შეიძლება „თეფშების რევოლუცია“ ეწოდოს
15:35 13.07.2012
ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის შეფასებით, იმას, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, შეიძლება „თეფშების“ რევოლუცია ეწოდოს.  ამის შესახებ ნიკოლაიშვილმა ჟურნალისტებს ტელეკომპანია „მაესტროს“ კუთვნილი სატელიტური თეფშების დაყადაღების შეფასებისას, პარლამენტის წინ მიმდინარე სოლიდარობის აქციაზე განუცხადა.
„ქვეყანაში იმდენად მძიმე სიტუაციაა, რომ მისი სამართლებრივი შეფასება შეუძლებელია, ყველა გადაწყვეტილებას ხელისუფლება პოლიტიკური ნიშნით იღებს, რასაც არანაირი გამართლება არა აქვს და კანონის ჩარჩოებში არ ჯდება. უბრალოდ, ეს არის ცხოველური შიში იმ რევოლუციის მოლოდინის, რომელიც ხელისუფლებას აქვს“ - აცხადებს ადვოკატი.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში სატელიტური ანტენების დაყადაღების მიზანია, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ რევოლუცია პირველ რიგში ადამიანების ტვინში არ დაუშვას.
„ამას შეიძლება თავისუფლად ეწოდოს „თეფშების რევოლუცია“, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ეს რევოლუცია შეიძლება თეფშებით არა, მაგრამ სხვა ფორმით მოხდეს“ - აცხადებს ადვოკატი.
ამასთან, პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებს სტუდენტური მოძრაობა „სტუდენტური ხმის“ წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. მათი თქმით, ხელისუფლება უკვე ისეთ პარანოიაშია, რომ თეფშებისაც კი ეშინია.
„ყველა მოქალაქეს აქვს უფლება მიიღოს ინფორმაცია“ - მიაჩნიათ სტუდენტებს.
პარლამენტის წინ ამ წუთებში ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტები აქციას მართავენ და ხელისუფლებას მუშაობის საშუალების მიცემას სთხოვენ.

ბეჭდვა