საინფორმაციო სააგანტო „ინფო9“-ს ჟურნალისტებს სააგენტოს ოფისში შესვლასთან დაკავშირებით დღეს პრობლემები შეექმნათ.
როგორც „ნიუსპრესს“„ინფო9“-ს დირექტორმა მანანა ელიაშვილმა განუცხადა, ჟურნალისტებმა შენობაში შესვლა მხოლოდ მას შემდეგ მოახერხეს, როცა დადასტურდა, რომ ისინი ნამდვილად „ინფო9“-ს თანამშრომლები იყვნენ.
„ინფო9-ის“ ოფისი სს „ქართუ ჯგუფის“ შენობის მე-11 სართულზე მდებარეობს. „ქართუ ჯგუფში“ დღეს იძულებითი მმართველი შევიდა და გადაადგილების პრობლემებიც სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება.
„მოქმედებს გარკვეული ზეპირი დირექტივა. ჩვენმა ჟურნალისტებმა მხოლოდ დადასტურების შემდეგ მოახერხეს შემოსვლა ოფისში, სხვა ჟურნალისტები კი, რომლებიც ჩემთან უნდა მოსულიყვნენ, არ შემოუშვეს. მე პირადად დირექტორს არ შევხვედრივარ, შევხვდი პიროვნებას, რომელმაც ახალი ხელმძღვანელის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად წარმომიდგინა თავი, ორივე კართან დაცვის პოლიციაა“ - განაცხადა ელიაშვილმა.
მისი თქმით, სააგენტოს მუშაობა შეზღუდვების გამო ნაწილობრივ შეფერხებულია, რადგან ვერ ხერხდება მასალების მიწოდება.
ამასთან, „ინფო-9“-ის ხელმძღვანელობა არ გამორიცხავს, რომ გარეთ გასვლის შემთხვევაში, თანამშრომლებს ხელახლა შესვლაზე ისევ პრობლემები შეექმნათ და ამიტომ, თავს იკავებენ. ამ წუთებში სამედიცინო ექსპერტიზაზე გავიდა „ინფო-9“-ის ის გადამღები ჯგუფი, რომელიც გუშინ კარალეთის ინციდენტის დროს დაზარალდა.
„ქართული ჯგუფის“ მმართველმა ვლადიმერ უგულავამ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებები უკვე განახორციელა.
