სტეფან ბანდერა Must Carry-ის შესახებ კანონმდებლობას საქართველოს საარჩევნო კანონის ნაწილად აფასებს
სტეფან ბანდერა Must Carry-ის შესახებ კანონმდებლობას საქართველოს საარჩევნო კანონის ნაწილად აფასებს
14:56 13.07.2012
„ღია დემოკრატიის ინსტიტუტის“ მოწვევით, საქართველოში მყოფი კანადელი ჟურნალისტი სტეფან ბანდერა Must Carry-ის შესახებ კანონმდებლობას საქართველოს საარჩევნო კანონის ნაწილად აფასებს.  ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ბანდერამ აღნიშნა, Must Carry-ის შესახებ გამართული დებატების შედეგად მიღწეული კომპრომისი, საქართველოში არჩევნების დროს მედია პლურალიზმისკენ გადადგმულ დადებით ნაბიჯად შეფასდა.
მისი თქმით, კანადაში Must Carry პოლიტიკურად დატვირთული არ არის, რადგან იგი არჩევნებთან არაა დაკავშირებული. კანადაში ის მაუწყებლობის შესახებ კანონის ნაწილია.
„საქართველოში სრულიად განსხვავებული სიტუაციაა, რადგან არ ვიცი არცერთი ქვეყანა, სადაც Must Carry საარჩევნო კანონმდებლობის ნაწილს წარმოადგენს, თუმცა, ეს მის რეალურ დანიშნულებაზე მიანიშნებს. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ერთი კითხვა, რომელზეც კონკრეტული პასუხი ვერავინ გასცა გახლდათ ის, თუ რატომ წყდება “Must Carry“ არჩევნების შემდეგ?“ - აღნიშნა ჟურნალისტმა.
მისი ინფორმაციით, ხელისუფლებას შესაძლოა, ისეთი ინფორმაციების გადაცემის ეშინია, როგორსაც ტელეკომპანია „იმედი“ 2007 წელს და „რუსთავი 2“ 2003 წელს გადასცემდნენ.
„ისინი ანტისამთავრობო არხებს წარმოადგენდნენ და ხალხის პროტესტის ამაღლებაში უდიდესი როლი ითამაშეს. თუკი არჩევნების დროს, მას შემდეგ, რაც უბნები დაიხურება, ე.წ ოპოზიციური არხები გაითიშება იზრდება რისკი, რომ ყველა ეგზიტპოლის შედეგებს ვერ მივიღებთ“ - განაცხადა ბანდერამ.
მისივე თქმით, მედიის ხელმისაწვდომობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა სატელიტური ანტენების კონფისკაციის შემდეგ, იმის მიუხედავად, არსებობდა თუ არა მათი კონფისკაციის უფლება.
მისივე ინფორმაციით, მედიის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის მაგალითი „გლობალ ტვ“-ის სატელიტური ანტენების დაყადაღების გარდა, საზღვართან „მაესტროს“ კუთვნილი ანტენები შეფერხებაა.
“Must Carry“-ის შესახებ კანონპროექტის თანახამდ, არჩევნების გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლის მომენტიდან არჩევნების წინა დღემდე მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის შესაბამისად ლიცენზირებული საერთო მაუწყებელი. აგრეთვე, ამ პაკეტში შედის საერთო საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე პირი, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისთვის არის ხელმისაწვდომი.

ბეჭდვა