საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” კოალიცია „ქართული ოცნების” მიერ 15 ივლისს გორში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდებიან.
როგორც „ნიუსპრესს“ საია-დან აცნობეს, დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ.
მათი ინფორმაციით, დაკვირვება პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს.
ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გორში მიმდინარე იმ მოვლენებს გაუწევენ, რომელიც 15 ივლისს დაგეგმილი აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება.
საია და „სამართლიანი არჩევნები” იმედოვნებენ, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება და სახელმწიფო ორგანოები შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით დადგენილ გარანტიებს უზრუნველყოფენ.
პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" აქცია 15 ივლისს გორში ე.წ. კომბინატის დასახლებაში, მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრის წინ მდებარე მოედანზე გაიმართება.
