პროექტის „Summer job” მონაწილეთათვის „საქართველოს ბანკის“ ყველა ფილიალში დღეიდან პლასტიკური ბარათების გაცემა დაიწყო.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კონკრეტული მონაწილე ბარათს იმ ფილიალში აიღებს, რომელიც რეგისტრაციისას მიუთითა.
პროგრამის მონაწილეებს პლასტიკურ ბარათებთან ერთად, სახსოვრად „Summer Job”-ის ლოგოთი ქუდები და სამაჯურები გადაეცემათ. ამასთანავე, მონაწილე სტუდენტები ფოტოკონკურსის დაწყების შესახებ საინფორმაციო ბარათებს მიიღებენ.
განათლების სამინისტროს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს ბანკს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, საქართველოს ბანკმა პროგრამის მონაწილე სტუდენტებისთვის სპეციალური დიზაინის პლასტიკური ბარათები დაამზადა.
სტუდენტებს პლასტიკური ბარათები უსასყიდლოდ გადაეცემათ, ბარათებზე ანაზღაურება - 500 ლარი საზაფხულო სამუშაოს დასრულების შემდეგ დაირიცხება.
განათლების სამინისტრო პროგრამის ყველა მონაწილეს ფოტოკონკურსს - „ჩემი პირველი Summer Job” სთავაზობს. კონკურსში მონაწილეობისთვის სტუდენტი საზაფხულო დასაქმების პროგრამაში უნდა იყოს ჩართული და სამუშაოს შესრულების პერიოდში ფოტო გადაიღოს.
კონკურსში მონაწილე ფოტოს ავტორი, რომელიც „ფეისბუქის“ გვერდზე ყველაზე მეტ “Like”-ს დააგროვებს, დიდ ბრიტანეთში შემეცნებითი ტურით გაემგზავრება.
