„ქართული აკადემია“ ხელისუფლების მხრიდან თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიმართულ ნეობოლშევიკურ აგრესიას გმობს.
ამის შესახებ ნათქვამია „ქართული აკადემიის“ განცხადებაში, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ ანტენების დაყადაღებას ეხება.
„ტელეკომპანია „მაესტროს“ კუთვნილი სატელიტური ანტენების დაყადაღებით ისტერიკაში მყოფმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ ხელყო თავისუფალი მედია და კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, „ქართული აკადემია“ გმობს თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიმართულ ნეობოლშევიკურ აგრესიას და თანადგომას უცხადებს დამოუკიდებელ ტელეკომპანია „მაესტროს“, რომელსაც მოვლენათა ობიექტური გაშუქებით შეუძლია დაუპირისპირდეს ხელისუფლების ინსტრუმენტს ე. წ. ნაციონალურ არხებს და გაარღვიოს საქართველოს რეგიონებში გამეფებული ინფორმაციული ვაკუუმი.
„მხოლოდ ინფორმირებულ საზოგადოებას შეუძლია თავისუფალი არჩევანის გაკეთება, კონკრეტულ შემთხვევაში კი - ტოტალიტარული აზროვნების ანტიხალხური რეჟიმის დამარცხება და ამით ჩვენი ქვეყნის მომავლის გადარჩენა. თუ გორში ამჟამად მიმდინარე წინასაარჩევნო მოვლენებსა და, განსაკუთრებით, კარალეთში მოწყობილ პროვოკაციასაც გავითვალისწინებთ, ცხადი ხდება, რომ დამარცხებისათვის განწირული სააკაშვილი ცდილობს მოვლენათა ესკალაციას, სისხლიანი სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევასა და მომავალი საპარლამენტო არჩევნების ჩაშლას“ - მიაჩნიათ ორგანიზაციის წევრებს.
ამასთან, „ქართულ აკადემიაში“ იმედს გამოთქვამენ, რომ ოპოზიცია არ დაკარგავს წონასწორობას, ოქტომბრის არჩევნებამდე მიიყვანს სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმს და ქართველ ხალხთან ერთად იქ პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს.
