საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის კვლევის „თაობები და ღირებულებები” პრეზენტაცია გაიმართება
საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის კვლევის „თაობები და ღირებულებები” პრეზენტაცია გაიმართება
09:35 13.07.2012
საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის კვლევის „თაობები და ღირებულებები” პრეზენტაცია დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტიდან აცნობეს, კვლევის ინსტრუმენტებად შეირჩა ორი ღირებულებითი ორიენტაცია – ინდივიდუალისტური და მატერიალისტურ-პოსტ-მატერიალისტური.
კვლევა ღირებულებებთან მიმართებაში თაობებს შორის განსხვავების დადგენას და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გამოწვევების იდენტიფიკაციას ითვალისწინებს.
ასევე, შესწავლილ იქნა ამ ღირებულებებთან დაკავშირებული ფაქტორები, როგორიცაა ნდობა სხვების მიმართ, ოპტიმიზმი, ეკონომიკური კეთილდღეობა, თვითშეფასება და სხვა.
გამოკითხვა 2011 წლის 21 ნოემბრიდან 2011 წლის 19 დეკემბრამდე საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდა. გამოიკითხა სამი თაობის - 18-24, 40-50 და 60-70 წლის, სულ 1 058 მოქალაქე.
„შედეგები ცალსახად მიუთითებენ ღირებულებათა უდიდეს ნაწილში თაობათა შორის არსებულ განსხვავებაზე. თაობათა შორის განსხვავება უფრო ხშირად ხაზოვანია – შეფასებები იზრდება ან მცირდება ასაკთან ერთად, ისე რომ უკიდურესი შეფასებები უფრო ახალგაზრდებისა და უფროსი თაობებისათვის არის დამახასიათებელი“ - აცხადებენ საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტში.
კვლევა ფონდის „ღია საზოგადოება _ საქართველო” მხარდაჭერით განხორციელდა.

ბეჭდვა