მართლმადიდებელი სამყარო სვეტიცხოვლობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი სამყარო სვეტიცხოვლობას აღნიშნავს
09:19 13.07.2012
მართლმადიდებელი სამყარო დღეს სვეტიცხოვლობას - უფლის კვართის დღესასწაულს აღნიშნავს.
დღესვე, აღინიშნება კრება დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა ხსენების დღეც.
როგორც „ნიუსპრესს“ საპატრიარქოდან აცნობეს, დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უქმინდესი და უნეტარესი ილია II წირვას 09:00 საათიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლენს.
სვეტიცხოვლის ტაძარი მრავალ სიწმინდეს ფლობს - უფლის კვართს, სასწაულმოქმედ სვეტს, წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხალენს. XX საუკუნის დასაწყისში იქვე გახლდათ დაბრძანებული ერთი იმ ოთხ ჯვართაგანი, რომლებიც წმინდა ნინომ სასწაულმოქმედი ხისგან შეაქმნევინა.
სვეტიცხოვლის ერთ-ერთი მთავარი სიწმინდე სვეტი-ცხოველის საქადაგო ხატი იყო. გვერდებზე წმინდა ნინო და წმინდა მირიანი არიან გამოსახულნი. კარედის ზემოთა ნაწილი მოოქროვილია. მასზე გამოსახულია კუბოში მწოლიარე სიდონია, მის მკერდზე კი აღმართულია სვეტი, რომელიც ანგელოზებს უპყრიათ ხელთ. ის ამჟამად ხელოვნების მუზეუმშია დაცული.
როგორც წმინდა კვიპრიანე კართაგენელი ბრძანებს, „თავისი კვართის საიდუმლოთი უფალმა ეკლესიის ერთიანობაზე მიგვანიშნა“ და „შეუძლებელია, ქრისტეს სამოსი იმას ჰქონდეს, ვინც ქრისტეს ეკლესიას არღვევს“. ამიტომაც იყო, ქართველები ასე რომ უფრთხილდებოდნენ ეკლესიის ერთიანობას. ამიტომაც იყო, რომ ეპისკოპოსი აუცილებლად სვეტიცხოველში უნდა კურთხეულიყო.
ტოპონიმიკისა და სიწმინდის მფლობელობის გამო, მეორე იერუსალიმად წოდებული მცხეთა, 7 სვეტზეა აგებული. ამით სოლომონის ტაძარს მიმსგავსებული სვეტიცხოველი, კვართი უფლისა და წმინდა სვეტი ქართველებს განსაკუთრებულად მფარველობს.

ბეჭდვა