საქართველოში გადაღებული პირველი ინდური ფილმის “BILLA II”-ს პრემიერა დღეს, ინდოეთის სამ ქალაქში - ბომბეი, ჩენაი და გოაში გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოდან ფილმის ჩვენებას სტუდია ”ქართული ფილმისა” და სტუდია ”მეტროს” წარმომადგენლები დაესწრებიან.
სამინისტროს ინფორმაციით, ინდოეთში სტუდია „მეტროს” წარმომადგენლები ადგილობრივ პროდიუსერებთან შეხვედრებს გამართავენ და იმ ფაქტორებს გააცნობენ, რაც ფილმის გადასაღებად საქართველოს მიმზიდველობას განაპირობებს.
საქართველოში “BILLA II”-ს გადაღებები 2011 წლის 10 ნოემბერს დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. საქართველოს ბოლივუდის პროდიუსერთა 36-კაციანი ჯგუფი ეწვია, რომელმაც თბილისში, ლიკანსა და რუსთავში ფილმის სცენები გადაიღეს. გადაღებების შედეგად ქართულ ეკონომიკაში ერთ მილიონ აშშ დოლარზე მეტი ჩაიდო.
თბილისში ცეკვის სცენისთვის პროდიუსერებმა საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დარბაზი გამოიყენეს.
ფილმისთვის მსახიობები სტუდიამ „G არტ” შეარჩია. ფილმში 60-მდე ქართველი მსახიობი, ხოლო სულ 200-ზე მეტი მსახიობი მონაწილეობს.
