დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და მინსკის საქალაქო აღმასკომის თავმჯდომარემ ანდრეი
შორეცმა თბილისში მინსკის დღეები საზეიმოდ გახსნეს.
კახა კალაძემ კონცერტზე მისულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. მისი განცხადებით, მინსკსა და თბილისს შორის დაძმობილების ხელშეკრულება 3 წლის წინ გაფორმდა და ამ ხნის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მისივე თქმით, ორ ქალაქს შორის არსებული ურთიერთობის გაღრმავების დიდი პოტენციალი არსებობს.
„ჩვენ ვამაყობთ, რომ ქალაქ მინსკში შესაძლებელი გახდა თბილისობის დღესასწაულის აღნიშვნა. დღეს დედაქალაქი მინსკის დღეებს აღნიშნავს, რომელიც სხვადასხვა კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს მოიცავს. რა თქმა უნდა, ეს ნამდვილად საამაყოა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს იმ დამოკიდებულებისათვის, რომელიც მას ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის მიმართ აქვს. ეს ნამდვილად პატივსაცემია. მინდა ბელარუს ხალხს ვუსურვო მშვიდობა, სულიერი სიმშვიდე და კეთილდღეობა“,-განაცხადა კახა კალაძემ.
სიტყვით გამოსვლისას ორ ქალაქს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრა მინსკის საქალაქო აღმასკომის თავმჯდომარ ეანდრეი შორეცმა.
„მინსკში თბილისობის დღესასწაულის გამართვა უკვე ტრადიციად იქცა. ეს დღესასწაული საკმაოდ მასშტაბური ხასიათისაა და მის შესახებ უკვე მინსკის სტუმრებმაც იციან. დღეს თბილისში მინსკის დღეები იმართება, რომელიც ბიზნესფორუმს, სხვადასხვა კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს მოიცავს“,- განაცხადა ანდრეი შორეცმა.
კონცერტზე, რომელიც რუსთაველის თეატრში ჩატარდა, ბელარუსის რესპუბლიკის დამსახურებული კოლექტივის, ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ორკესტრის გალა-კონცერტი გაიმართა.
საკონცერტო პროგრამაში ცნობილი ბელარუსი შემსრულებლები - საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, ბელარუსის რესპუბლიკის ოპერისა და ბალეტის ეროვნული აკადემიური დიდი თეატრის სოლისტი ილია სილჩუკოვი, არტისტები ივან ვაბიშევიჩი, ალიონა ლანსკაია და ტარიელ მაისურაძე მონაწილეობდნენ.
