განვითარების კვლევითი ინსტიტუტი „მაესტროს“ ანტენების დაყადაღებას კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებების დარღვევად მიიჩნევს
განვითარების კვლევითი ინსტიტუტი „მაესტროს“ ანტენების დაყადაღებას კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებების დარღვევად მიიჩნევს
17:10 12.07.2012
ტელეკომპანია „მაესტროს“ სატელიტური ანტენების დაყადაღებით „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით  და ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროკონვენციით განსაზღვრული უფლებები ირღვევა. ამის შესახებ განვითარების კვლევით ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ინსტიტუტის წარმომადგენელთა თქმით, ტელეკომპანიის სატელიტური ანტენების დაყადაღება კონსტიტუციით გარანტირებული ინფორმაციისა და აზრის გავრცელების თავისუფლებებში გაუმართლებელი ჩარევაა.
„პლურალისტურ და დემოკრატიულ საზოგადოებაში ამომრჩეველს რაც შეიძლება მეტი განსხვავებული აზრისა თუ ინფორმაციის მიღების საშუალება უნდა ჰქონდეს, რათა მან სიტუაციის გააანალიზების საშუალებით არჩევანი გააკეთოს. ამდენად, კომუნიკაციის უფლებების ხელყოფა საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებას აზიანებს“- ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ „მაესტროს“ კუთვნილი სატელიტური ანტენების დაყადაღება ხელს უშლის თავისუფალი მასმედიის საქმიანობას, რაც ნეგატიურად აისახება საარჩევნო პროცესზე, ეს კი საბოლოო ჯამში, ხელს შეუშლის დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას საქართველოში.
მთავარი პროკურატურის მიმართვის საფუძველზე სასამართლომ ტელეკომპანია „მაესტროს“ კუთვნილ სატელიტურ ანტენებს ყადაღა 11 ივლისს დაადო. პროკურატურა მიიჩნევს, რომ ანტენები გამოყენებული იქნება მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ გადასაცემად, იმავე სქემით, როგორც ეს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მიერ განხორციელდა.

ბეჭდვა