არასამთვარობო ორგანიზაციები ხელისუფლებას დარიალჰესის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით მიმართავენ
არასამთვარობო ორგანიზაციები ხელისუფლებას დარიალჰესის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით მიმართავენ
17:07 12.07.2012
არასამთავრობო ორგანიზაციები „მწვანე ალტერნატივა“ და „სტეფანწმინდა“ ხელისუფლებას მოუწოდებენ დარიალის ხეობაში 110 მეგავატი  დადგმული სიმძლავრის დარიალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა შეაჩეროს.

ამ მოთხოვნით 16 ივლისს დაბა სტეფანწმინდაში არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით საპროტეტსო აქცია - „გადავარჩინოთ თერგი და დარიალის ხეობა!“ გაიმართება.

როგორც „ნიუსპრესს“ აქციის ორგანიზატორებმა აცნობეს, დაგეგმილი ღონისძიების მიზანია, საზოგადოების ინფორმირება დარიალის ჰესის მშნებელობის და ოპერირების უარყოფით შედეგებზე.

აქციაზე „მწვანე ალტერნატივა“ და „სტეფანწმიდა“ მოუწოდებენ ხელისუფლებას და „დარიალ ენერჯის“, შეაჩერონ დარიალი ჰესის მშენებლობა იმ დრომდე, ვიდრე, საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენებით, მდინარეში დასატოვებელი წყლის ის ოპტიმალური ოდენობა დადგინდება, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ხეობის ლანდშაფტური და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებას, ისევე, კულტურულ-ეთნოგრაფიულ და ტურისტულ ფასეულობებზე მინიმალურ ზეგავლენას.

2011 წლის სექტემბერში დარიალის ხეობაში, მდინარე თერგზე, საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს, 110 მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო. პროექტი დაახლოებით 8 კმ სიგრძის მონაკვეთზე მდინარის წყლის უდიდესი ნაკადის - 90%-ის - მოქცევას ჯერ სადერივაციო მილსადენში და შემდგომ სადერივაციო გვირაბში ითვალისწინებს.

სპეციალისტების ცნობით, სულ 11 კმ სიგრძის დარიალის ხეობის 8 კმ-იან მონაკვეთზე რადიკალურად შეიცვლება ლანდშაფტი და ხეობა ისტორიულად ჩამოყალიბებულ კულტურულ-ეთნოგრაფიულ და ტურისტულ ფასეულობას დაკარგავს.





ბეჭდვა