კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილეები „მაესტროს“ ანტენების დაყადაღებას აპროტესტებენ
კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილეები „მაესტროს“ ანტენების დაყადაღებას აპროტესტებენ
15:29 12.07.2012
კამპანია „ეს შენ გეხება“-ს მონაწილე არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები ტელეკომპანია „მაესტროს“ კუთვნილი სატელიტური ანტენების  დაყადაღების ფაქტს აპროტესტებენ.

„ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლების თქმით, „მაესტროს“ კუთვნილი სატელიტური ანტენების დაყადაღებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმები დაირღვა, ხელი ეშლება დამოუკიდებელი ტელეკომპანიის განვითარებას, რაც სახელმწიფოს მხრიდან მედიაბიზნესში უხეში ჩარევაა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, „ეს შენ გეხებას“ მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს.

არასამთავრობოები აცხადებენ, რომ „ელიტა ბურჯისგან“ განსხვავებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ მიუღია გადაწყვეტილება ტელეკომპნაია „მაესტროსთან“ სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე და არ მიუმართავს პროკურატურისთვის ამ საკითხის შესწავლის მიზნით.

მათივე ცნობით, არც პროკურატურას და არც სასამართლოს საზოგადოებისთვის არ წარუდგენია არავითარი მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ „მაესტროს“ მიერ სატელიტური ანტენების შეძენა რამენაირად უკავშირდება რომელიმე პოლიტიკური პარტიის საქმიანობას.

„ხელისუფლება აღნიშნული ქმედებით აფერხებს პლურალისტური მედიასივრცის შექმნას, რაც მნიშვნელოვნად აუარესებს საარჩევნო გარემოს და ქმნის არათანაბარ კონკურენტულ პირობებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მიიღოს ყველა ზომა იმისთვის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ მრავალფეროვანი ინფორმაცია“ - განაცხადა „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენელმა თამარ კორძაიამ და დასძინა, რომ ტელეკომპანია „მაესტროს“ ანტენები მისმა ერთ-ერთმა მფლობელმა მაკა ასათიანმა შეიძინა, რომელსაც არ გააჩნია გაცხადებული პოლიტიკური მიზნები და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ უცვნია რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირად. შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონით დადგენილი შეზღუდვები.

„ეს შენ გეხებას“ მონაწილეები მიმართავენ, საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ადეკვატური რეაგირება მოახდინონ საარჩევნო პერიოდში დამოუკიდებელი მედიის საქმიანობის შეზღუდვისა და შეფერხების ფაქტებზე.

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართვის საფუძველზე სასამართლომ ტელეკომპანია „მაესტროს“ კუთვნილ სატელიტურ ანტენებს ყადაღა 11 ივლისს დაადო.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ანტენები გამოყენებული იქნება მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ გადასაცემად, იმავე სქემით, როგორც ეს უკვე „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მიერ განხორციელდა.

ბეჭდვა