პარლამენტარის დავით მათიკაშილის განცხადებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შექმნა ერთი მხრივ პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას, მეორე მხრივ კი საზოგადოების მეტ ჩართულობას შეუწყობს ხელს.
ამის შესახებ მათიკაშვილმა კახა კუჭავას ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ფარგლებში სამუშაო ჯგუფი უნდა შეიქმნას.
„გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომლის მუშაობაც მიმართული იქნება დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების პრევენციისაკენ, მისასალმებელია, შესაბამისად ჩემს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ბატონ კახა კუჭავას აღნიშნული ინიციატივის განხორციელებაში.
გამომდინარე იქიდან, რომ ზემოხსენებული ინიციატივა ემსახურება თითოეული ჩვენი მოქალაქის ინტერესების დაცვას, აღნიშნულ საპილოტე პროექტში მონაწილეობის მიღების საშუალება ექნებათ როგორც კვლევით და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე თითოეულ მოქალაქეს.
მსგავსი საკომიტეტო მოკვლევის მოდელის დანერგვა უზრუნველყოფს ერთი მხრივ, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას და მეორე მხრივ, საზოგადოების მეტ ჩართულობას იმისათვის, რომ ერთად შევინარჩუნოთ ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობებისათვის უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო“- განაცხადა მათიკაშვილმა.
