„ქალთა მოძრაობა“ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატს, ზვიად
დევდარიანს ფიზიკურ და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს და სახალხო დამცველს მოუწოდებს, ობუდსმენის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად წარდგენილ კანდიდატს მხარი არ დაუჭიროს.
ამის შესახებ „ქალთა მოძრაობა“ განცხადებას საკუთარ „ფეისბუქ“-გვერდზე ავრცელებს.
“16 მარტს, მას შემდეგ, რაც ომბუდსმენმა დევდარიანის კანდიდატურა წარადგინა, ქალთა მოძრაობის სამუშაო ჯგუფში, მოძრაობის წევრები ზვიად დევდარიანის მხრიდან სექსუალური შევიწროების, სექსუალური ხასიათის არასასურველ ფიზიკურ და ვერბალურ ქცევაზე ალაპარაკდნენ...
ქალთა მოძრაობის წევრები, რომლებიც ზვიად დევდარიანის მიერ სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობენ, ანონიმურობას ამჯობინებენ. რაც, რა თქმა უნდა არ არის გასაკვირი, გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად ძალადობრივ, პატრიარქალურ კულტურაში ვცხოვრობთ. კულტურაში, რომელიც მსხვერპლს თავად აქცევს “დამნაშავედ”. ჩვენ არ გვაქვს არავითარი მიზეზი ეჭვი შევიტანოთ ათამდე ქალის მონაყოლში, რომლებიც ამტკიცებენ, რომ დევდარიანი მათ სექსუალური ხასიათის წერილებს ინტენსიურად წერდა. ქალები ყვებიან, რომ უჭირდათ დევდარიანის მხრიდან გამუდმებული შევიწროვების შეჩერება.
ქალთა მოძრაობა წუხს, რომ წლების მანძილზე მის გვერდით იდგა კაცი, რომელიც ერთი მხრივ ქალთა უფლებებზე საუბრობდა, მეორე მხრივ კი ქალებს ავიწროვებდა.
გვსურს თანადგომა და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ხმაწართმეულ ქალებს. ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ, ჩვენთვის, მეგობრობა თუ კოლეგიალობა არც ერთ შემთხვევაში არ გახდება იმის მიზეზი, რომ დავიცვათ და გვერდით დავუდგეთ არა მსხვერპლს, არამედ დამნაშავეს.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამეტს და მასთან არსებულ გენდერული თანასწორობის საბჭოს, სასწრაფოდ დაიწყოს სექსუალური შევიწროების საკითხის რეგულირებაზე მუშაობა და მხარი არ დაუჭიროს სექსუალურ ძალადობაში მხილებულ ადამიანს, დაიკავოს ეს მნიშვნელოვანი საჯარო პოზიცია და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკა განსაზღვროს.
მოვუწოდებთ საქართველოს სახალხო დამცველს გამოითხოვოს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის მის მიერ დასახელებული კანდიდატურა და შეისწავლოს ყველა იმ ქალის ისტორია, რომელიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ამხელენ“, - ნათქვამია მოძრაობის მიმართვაში.
