პირველი უმაღლესი პროფესიული კოლეჯი კახეთის რეგიონში გაიხსნება
პირველი უმაღლესი პროფესიული კოლეჯი კახეთის რეგიონში გაიხსნება
16:05 15.03.2018
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, საქართველოში პირველი, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულების უმაღლესი პროფესიული კოლეჯი გაიხსნება.
განახლებული პროფესიული პროგრამების დანერგვისა და შესაბამისი თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობის შესაძლებლობის განხილვის მიზნით, თელავის უნივერსიტეტს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და სოფლის მეურნეობის მინისტრები, კახეთის რეგიონის გუბერნატორთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად ეწვივნენ. სტუმრებმა ყველა ის ობიექტი მოინახულეს, სადაც რეაბილიტაციის შემდეგ, სასწავლო აუდიტორიები, ლაბორატორიები და სასწავლო-პრაქტიკული სამუშაოები ჩატარდება.
კახეთის რეგიონის განვითარებისთვის, თელავის უნივერსიტეტის ბაზაზე ახალი ტიპის სასწავლო პროფესიული დაწესებულების დაარსება მნიშვნელოვანია, რადგან იმ რეფორმების ფონზე, რაც ქვეყანაში აგრარული მიმართულებით ხორციელდება, კახეთი პროფესიული კადრების დეფიციტს განიცდის.
საქართველოს მთავრობის ძალისხმევით და საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით, პროექტი მჭიდრო ვადებში განხორციელდება. სასწავლებელი მომავალში კახეთის სავიზიტო ბარათი გახდება, სადაც თანამედროვე გარემოში, ულტრათანამედროვე ლაბორატორიებში, სასწავლო-საცდელ ნაკვეთებსა თუ, კერძო კონპანიებში პრაქტიკული კურსის გავლის შედეგად, მაღალკვალიფიური სპეციალისტები მომზადდებიან.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კორპუსში, სადაც რეაბილიტაციისა და აღჭურვის შემდეგ ახლი კოლეჯი განთავსდება, მომავალში შესაძლებელი გახდება აგრარული მიმართულების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებიც ამოქმედდეს. ასევე შეიქმნება ყველა პირობა სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად.

ბეჭდვა