საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიმდინარე წლის 14-15 მარტს
ბაქოს ეწვევა, სადაც აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, ირანის ისლამური რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ოთხმხრივი შეხვედრა გაიმართება.
ახალი ფორმატი ითვალისწინებს რეგიონალური კავშირების გაღრმავებას და ეკონომიკური თანამშრომლობის ისეთ მიმართულებებს მოიცავს, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა და სხვა.
აღნიშნული შეხვედრის შემდგომ ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია გაიმართება.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე პირისპირ შეხვედრებს აზერბაიჯანელ, თურქ და ირანელ კოლეგებთან გამართავს.
ბაქოში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე აგრეთვე ნიზამი განჯავის საერთაშორისო ცენტრის მიერ ორგანიზებულ ბაქოს მე-6 გლობალურ ფორუმში „ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის ხარვეზების აღმოფხვრა“ მიიღებს მონაწილეობას.
