მართლმადიდებლური სამყარო დღეს წმინდა მოციქულების პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს.
როგორც „ნიუსპრესს“ საპატრიარქოდან აცნობეს, დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II საზეიმო წირვას 09:00 საათიდან სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.
მორწმუნეთათვის დღეს პეტრე-პავლობის მარხვაც სრულდება.
წმიდა მოციქულები პეტრე და პავლე თავიანთი მოციქულებრივი და მოწამეობრივი ღვაწლით გამორჩეულნი არიან სხვა მოციქულთა შორის, რის გამოც ეკლესია მათ იხსენიებს, როგორც „თავთა მოციქულთა“.
მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა გზით მოვიდნენ ქრისტესთან, კერძოდ, პეტრე თორმეტ მოწაფეთაგანია, ხოლო პავლე ქრისტიანთა ყოფილი მდევნელი სავლე, სასწაულებრივი მოქცევის შემდეგ გახდა უფლის უდიდესი მსახური, მათ შორის ერთგვარი სულიერი სიახლოვეა. ისინი იმპერატორ ნერონის დროს 67 წელს ერთდრულად აღესრულნენ. პეტრე თავდაყირა გააკრეს ჯვარზე, ხოლო პავლეს თავი მოჰკვეთეს.
პეტრე-პავლობის მარხვას „მოციქულთა განწესებაც“ იხსენიებს: „სულთმოფენობის შემდგომ იზეიმეთ ერთი შვიდეული და შემდგომ იმარხულეთ“.
პეტრე-პავლობის მარხვა სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება. სულთმოფენობის დღესასწაული, თავის მხრივ, ბრწყინვალე აღდგომის მოძრავი თარიღის მიხედვით გამოითვლება. ასე რომ, პეტრე-პავლობის მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ის ყველაზე დიდი ექვსი კვირა გრძელდება, ხოლო ყველაზე მცირე - 7 დღე. წელს იგი დაახლოებით ერთთვიანია და დღეს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე სრულდება.
მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენების დღე ახალი სტილით - დღეს აღინიშნება. მეორე დღეს კი, ეკლესია წმინდათა დიდებულთა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა კრებას - პეტრეს, ანდრიას, იაკობ ზებედის ძის, იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მათეს, იაკობ ალფეს ძეს, იუდა იაკობის ძეს, სვიმონ მოშურნესა და მატათას იხსენიებს. ასევე, აღინიშნება სვეტიცხოველის დღესასწაულიც.
