სადაზღვევო პოლისების დარიგება მომავალი კვირიდან დაიწყება
სადაზღვევო პოლისების დარიგება მომავალი კვირიდან დაიწყება
16:46 11.07.2012
ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების დარიგება, საქართველოს მასშტაბით, 15-16 ივლისიდან იწყება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მცხეთა-მთიანეთში, რაიონების გამგებლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, პოლისების გამოყენებას მოქალაქეები 1 სექტემბრიდან შეძლებენ. საერთო ჯამში დაზღვევის ბარათს წელს ქვეყანაში 550 ათასი პენსიონერი, 250 ათასი ბავშვი და 100 ათასი სტუდენტი მიიღებს.

იგი ამბულატორიული მომსახურებისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარჯებს სრულად დაფარავს. გათვალისწინებულია ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობისთვის საჭირო თანხები.

„ჯანმრთელობის დაცვის პოლისს ყველა პენსიონერი პენსიასთენ ერთად მიიღებს. რაც შეეხება ბავშვებს და სტუდენტებს, მათ პოლისებს ფოსტის წარმომადგენლები სახლებში მიუტანენ“ - განაცხადა მერაბიშვილმა.

პრემიერისა და გამგებლების შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილიც ესწრებოდა.

ბეჭდვა