პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი სოფელ
ნატახტარში იმერლიშვილების 12 სულიან ოჯახს ესტუმრნენ.
პრემიერმა ოჯახის ოთხ წევრს ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პოლისი გადასცა.
„მკურნალობის საშუალება ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს. პირველი სექტემბრიდან ამ ოჯახში ოთხ ადამიანს ექნება დაზღვევა, თუმცა, ჩვენი მიზანია საქართველოს ყველა მოქალაქის დაზღვევა, რათა მათ ოპერაციის საჭიროების შემთხვევაში სახლის გაყიდვა ან ვალის აღება აღარ დასჭირდეთ“ - აღნიშნა მერაბიშვილმა.
მისივე თქმით, დაზღვევის პოლისით ღარიბი ოჯახიც ისეთივე სამედიცინო მომსახურებას მიიღებს, როგორც მდიდარი.
ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების დარიგება 15 ივლისს. ასაკით პენსიონერები, 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები სახელმწიფო სადაზღვევო პოლისს „ლიბერთი ბანკში“ კუთვნილ პენსიასთან ერთად მიიღებენ.
0-5 წლის ჩათვლით ბავშვებსა და სტუდენტებს პოლისი რეგისტრირებულ მისამართზე, საქართველოს ფოსტით მიუვათ. ხოლო, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებული მოქალაქეები, რომლებიც არ იღებენ პენსიას, სადაზღვევო პოლისის აღებას სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ რაიონულ ფილიალში შეძლებენ.
2012 წლის 1 სექტემბრიდან სახელმწიფო დაზღვევით 1 800 000 მოქალაქე ისარგებლებს.
