„სოციალური დაცვის ლიგამ“ და „ბავშვთა დაცვის ცენტრის“ წარმომადგენლებმა დღეს ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მიერ დაფინანსებული
პროექტის პრეზენტაცია გამართეს.
პროექტი - “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ბავშვთა და მათი ოჯახის წევრთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა“ მისმა ხელმძღვანელებმა წარადგინეს.
როგორც პრეზენტაციაზე პროექტის მენეჯერმა ეკა მაისურაძემ აღნიშნა, მსგავსი მომსახურება და კონსულტაცია ყველა კლინიკაში არსებობს, მაგრამ აღნიშნული ცენტრის სერვისი ბენეფიციარებისა და მათი მშობლებისთვის უფასოა.
„იმის გამო, რომ მშობლებს ძალიან ძვირი უჯდებათ ბავშვის როგორც სამედიცინო მომსახურება, ისე ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური კონსულტაცია და სოციალურ სფეროში ჩართვა, ბევრი მშობელი სურვილის მიუხედავად, უკან იხევს და ბავშვს ვერ ეხმარება“ - განმარტა ეკა მაისურაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად პატრიარქის კურთხევით, “შშმ ბავშვთა დაცვის ცენტრი“ შეიქმნა, რომელიც ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ, სოციალურ და მეტყველების კუთხით დიაგნოსტიკას გულისხმობს.
მისივე განმარტებით, ცენტრის მომსახურება მათ ზოგად დიაგნოსტიკას მოიცავს. დასკვნის საფუძველზე სპეციალისტები მშობლებს რეკომენდაციებს უწევენ, თუ კონკრეტულად რა გარემოში შეიძლება ბავშვის ჩართულობა.
„მხოლოდ შშმ ბავშვების შემთხვევაში ხდება განმეორებითი დიაგნოსტიკა, რომელიც ორი კვირის შემდეგ უნდა ჩატარდეს. ამ ორი კვირის განმავლობაში, ცენტრი მშობლებთანაც მუშაობს“ - აღნიშნა ეკა მაისურაძემ.
პროექტის ხელმძღვანელის ბელა სონღულაშვილის თქმით, ცენტრს 18 წლამდე შშმ ბავშვებმა შეიძლება მიმართონ, თუმცა, არის შემთხვევები, როცა მას უფროსი ასაკის ბენეფიციარებიც აკითხავენ.
მისივე თქმით, „შშმ ბავშვთა დაცვის ცენტრი“ ჩიქოვანის 14-ში, ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე წმინდა ბარბარეს ეკლესიის ეზოში მდებარეობს.
