საქართველოს სახალხო დამცველი მედიასაშუალებებსა და მათ წარმომადგენლებს საქმიანობისას პროფესიული სტანდარტებისა
და ეთიკის ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მედიასაშუალებათა წარმომადგენლებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რაც შეურაცხყოფს მათ კოლეგებს, პროვოცირებას უკეთებს კონფლიქტს და ქმნის დაპირისპირების საფრთხეს.
სახალხო დამცველის განცხადებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში საინფორმაციო საშუალებების მიერ არაერთი ვიდეო ჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც ასახულია ჟურნალისტთა გარკვეული ნაწილის მიერ სამუშაო პროცესში სხვა ჟურნალისტებისადმი დაბრკოლებების შექმნა და უპატივცემულო, არაკოლეგიური დამოკიდებულება.
„უდავოა, რომ ნებისმიერი საინფორმაციო საშუალების წარმომადგენელს და ჟურნალისტს, პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, აქვს უფლება თავისუფლად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, მოიპოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია. თუმცა, აღნიშნული არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას“ - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ მუშაობის პროცესში აუცილებელია ჟურნალისტებმა ეთიკის სტანდარტები დაიცვან.
„ამავდროულად აუცილებელად მიმაჩნია, რომ ინფორმაციის მოპოვებისას ჟურნალისტებმა დაიცვან ეთიკის ნორმები და პროფესიული სტანდარტები. ჯეროვანი სამართლიანობისა და პატივისცემის დაცვით მოეპყრან ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს. მით უფრო მიუღებელად ვთვლი სხვა საინფორმაციო სააგენტოებისა თუ მედია საშუალების წამომადგენელთათვის შეურაცხყოფის მიყენებას და მათთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას დაბრკოლებების შექმნას“- ნათქვამია განცხადებაში.
