დედაქალაქის მერია ბიბლიოთეკების რეფორმას იწყებს, რომლის ფარგლებშიც, ახალი ა(ა)იპ-ი
შეიქმნება. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ ბიბლიოთეკარებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა და დაგეგმილი სიახლეების შესახებ ისაუბრა.
„დაგეგმილ რეფორმას ბიბლიოთეკარების მხრიდან გარკვეული პროტესტი მოჰყვა, რაც ძალიან სამწუხაროა. იგეგმება ბიბლიოთეკების მოდერნიზაცია და არა მისი გაუქმება, როგორც იყო გავრცელებული. ბიბლიოთეკა დღეს კულტურის სამინისტროს სსიპ-ია და თბილისის მერია აფინანსებს, რაც სამართლებრივად აბსოლუტურად გაუმართავია. ასევე, თბილისის 36 ბიბლიოთეკიდან 30 ინფრასტრუქტურულად მძიმე მდგომარეობაშია და მესამე პრობლემა, რომელიც არსებობს, წიგნად ფონდებს და ზოგადად, წიგნის შენახვის საკითხს ეხება“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.
