არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის სამარშრუტო მიკროავტობუსებში რადიო–არხების მაუწყებლობის აკრძალვასთან დაკავშირებით შპს „თბილისის მიკროავტობუსის“ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
ამის შესახებ „ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
მათი ინფორმაციით, კერძო კომპანიის გადაწყვეტილება გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების სფეროში ფუნდამენტური უფლების შეზღუდვას წარმოადგენს და მოქალაქეთა ყველაზე მაღალ სიკეთეს – თავისუფლად, ცენზურის გარეშე მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, ლახავს.
„სატრანსპორტო გაერთიანებას არ ჰქონდა უფლება დამოუკიდებელ იურიდიულ პირთან სარეკლამო მომსახურების შესახებ ისეთი ხელშეკრულება გაეფორმებინა, რომელიც მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიღების შეზღუდვას გამოიწვევდა. ლოგიკას მოკლებულია განცხადებები, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა, სამარშრუტო ტაქსებში გამოყენებული რადიო საშუალებები მიკროავტობუსებში ხმოვანი სარეკლამო რგოლის ეკრანზე განთავსებას უშლის ხელს“ - აცხადებენ „ახალგაზრდა ადვოკატები“.
ორგანიზაცია თბილსიის მერიას შპს „თბილისის მიკროავტობუსის“ გადაწყვეტილებაზე კანონიერ რეაგირებას სთხოვს.
„მთავრობას აქვს უფლება მუნიციპალური ტრანსპორტის მართვასთან დადებული ხელშეკრულება შეწყვეტოს ან შეჩეროს“ - განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.
კომპანია შპს „თბილისის მიკროავტობუსმა“ სამარშრუტო ტაქსებში რადიოსიხშირის გათიშვის გადაწყვეტილება ივნისის დასაწყისში მიიღო.
„თბილისის მიკროავტობუსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიებს, რომლებიც თბილისში მგზავრთა გადაყვანას ახალი ყვითელი მიკროავტობუსებით უზრუნველყოფენ, სარეკლამო მომსახურების თაობაზე ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული. ხელშეკრულების მიხედვით, სარეკლამო კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს მიკროავტობუსებზე გარე რეკლამის განთავსება, ხოლო სამარშრუტო ტაქსების სალონში მონიტორების დამონტაჟება, სადაც სხვადასხვა ხმოვანი სარეკლამო რგოლები განთავსდება.
