„ეკოლოგიური სამართლის ცენტრის“ ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე ისანში, დოდაშვილის მოედანზე, კომპანია „ვისოლ-პეტროლიუმ ჯორჯიას“ მიერ წმინდა იოანე მხედრის სახელობის ეკლესიასთან გაზგასამართი სადგურის მშენებლობას აპროტესტებს.
აღნიშნულ საკითხზე „ეკოლოგიური სამართლის ცენტრის“ წარმომადგენლებმა და ისნის რაიონის მოსახლეობამ დღეს, თბილისის მერიასთან ერთობლივი აქცია-პრესკონფერენცია გამართეს.
როგორც ნიკოლოზ მჟავანაძემ აქციაზე აღნიშნა, ეკლესიასთან გაზგასამართი სადგურის მშენებლობა ”ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს #1-1/2935 ბრძანებას ეწინააღმდეგება.
„გაზგასამართი სადგურების დასახლებულ პუნქტებში მშენებლობა დაუშვებელია, რადგან ამ ტიპის ნაგებობას მავნე აირების ემისია ახლავს თან, რაც მცირე რაოდენობითაც კი, იქ მცხოვრებ მოსახლეობას საფრთხეს უქმნის“- განაცხადა მჟავანაძემ.
მისივე ინფორმაციით, „ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა“ მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემულ მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული საჩივარი შეიტანა. მისი განხილვა 11 ივლისს ჩაინიშნა.
„ეკოლოგიური სამართლის ცენტრი“ მერიისგან მშენებლობის ნებართვის გაუქმებას და საჩივრის დაკმაყოფილებას მოითხოვს.
ისნის მოსახლეობამ ასევე, პატრიარქის სახელზე ასეულობით ხელმოწერა შეაგროვა, რათა აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში საპატრიარქომ თავისი წვლილი შეიტანოს.
